06.მარტი .2020 23:45

„როდესაც არ არის გამჭვირვალობა, საზოგადოების ნდობა ვერ გექნება“ - ბესო ნამჩავაძე საპენსიო სააგენტოზე

views 358
უკან

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საპენსიო სააგენტოს გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული უწყების გამჭვირვალობა სამი მიზეზის გამო და ესენია:

„ერთი - ის რომ საპენსიო სააგენტო სახელმწიფო დაწესებულებაა, მეორე - ის რომ ძალიან მსხვილ თანხებზე და ადამიანების დანაზოგებზეა საუბარია, და მესამე - იმიტომ რომ ეს უწყება ნდობაზეა დაფუძნებული. საპენსიო რეფორმა ჯამში რომ წარმატებით განხორციელდეს, მოსახლეობის ნდობა მის მიმართ არის მნიშვნელოვანი. უკვე არის მოსაზრებები, ვთქვათ შეიძლება პოლიტიკური ძალები შეიცვალოს, სხვა პარტია რომ მოვიდე ხელისუფლებაში, შეიძლება ამ სააგენტოს რესტრუქტურიზაცია ან საერთოდ გაუქმება მოხდეს. ამ გადაწყვეტილებას კი შეიძლება დიდი მხარდაჭერაც ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ მას ჰქონდეს ნდობა. როდესაც არ არის გამჭვირვალობა, საზოგადოების ნდობა ვერ გექნება.. როდესაც მაღალი თანამდებობის პირები არ ინიშნებიან, ან მალე მიდის დირექტორი, ეს არ იწვევს ნდობას... როდესაც ძალიან მსხვილ ტრანზაქციებზე ინფორმაცია ფაქტობრივად არ ქვეყნდება და მედიაში გასული ინფორმაციის შემდეგ ხდება ვებგვერდზე ძალიან მცირე ტექსტის გამოქვეყნება, რომელ გამჭვირვალობაზეა საუბარი“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

შეგახსენებთ, Bm.ge-ს ანალიტიკოსმა შოთა ტყეშელაშვილმა აღმოაჩინა, რომ სებ-ში საპენსიო სააგენტოს მიერ განთავსებული თანხა ერთ დღეში 236 მილიონი ლარით შემცირდა. თავად საპენსიო ფონდის მთლიანი მოცულობა არ შემცირებულა, საუბარია საპენსიო ფონდის თანხის შიდა გადაჯგუფებაზე. საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა მიერ სააგენტოში კონტრუბუციის სახით შეტანილ თანხას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში ინახავს.

„არ ვიცით რა პროცედურით შეირჩა ბანკები, რომელთაც გადაეცათ ეს თანხა. ისიც არ ვიცით რომელი ბანკები შეირჩა, ვერ ვხდებით რატომ უნდა იყოს ეს კონფიდენციალური, რას ცვლის ადამიანებისთვის რომელ ბანკში რა წილი დევს...
ჩვენ ბაზარს რომ გადავხედოთ, სულ ორი დიდი ბანკია, მაღალი ალბათობით ამ ორ ბანკში იქნება განაწილებული, ან შეიძლება ერთს ჰქონდეს ძალიან დიდი წილი, ეს პროცედურა მნიშვნელოვანია, რის მიხედვით გადაწყდა... პროცენტი არ არის ცუდი, 14,9 წლიური საკმაოდ მაღალია, მაგრამ იქნებ სხვა ბანკი მზად იყო ცოტათი მეტი პროცენტი გადაეხადა და ეს პროცედურა უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე“, - განაცხადა ნამჩავაძემ.