მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდესაც ინვესტორებთან გვაქვს შეხვედრები, ზეპირად იციან რა წერია IMF-ის ანგარიშებში - მესტვირიშვილი

62ac45a46f0ea
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.22 21:22
866
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის მორიგი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში $280 მილიონის დაფინანსება მიიღოს.

საკითხთან დაკავშირებით გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგანაც IMF-ის მიერ მომზადებულ ანგარიშებს საქართველოში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის ყოველთვის საინტერესოა.

“IMF-ის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და IMF-ის მიერ ინფორმაციის მიწოდება არის ძალიან სასარგებლო. IMF არის ყველაზე კარგი ორგანიზაცია ამ კუთხით. მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს ყველა კითხულობს და ინვესტორებთან როდესაც გვაქვს შეხვედრა ზეპირად იციან იქ რა წერია.

იქიდან გამომდინარე რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის მიერ მაკროეკონომიკური კუთხით გადადგმული ნაბიჯები იყოს სანდო და გამჭვირვალე, IMF-ის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

იმ პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს თანხის აღება არ უნდა დაგვჭირდეს. ეს პროგრამა ითვალისწინებს 280 მილიონი დოლარის რესურსზე წვდომას ოღონდ საჭიროების მიხედვით თუ დაგვჭირდება. ამას ბუფერული პროგრამა ჰქვია და ეს დამატებით პოზიტიური სიგნალია, რადგანაც ჩვენ ახლა ვიწყებთ IMF-ის პროგრამას არა იმისთვის, რათა ფული გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი რეფორმები იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე და ინფორმაცია ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.

არის რეფორმების სია, რომელიც ჩვენ მიერ მიწოდებულია თუ ჩვენ რის გაკეთებას და რა პერიოდში ვგეგმავთ. როდესაც ანგარიში გამოქვეყნდება, იქ სხვა თემებიც იქნება ზოგი წვრილი, ზოგი მსხვილი, მაგრამ გეთანხმებით, რომ ყველაზე მსხვილი თემა ესაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ეს დაკავშირებულია ფისკალურ რისკებთან, ასევე ეფექტიანობასთან და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სურვილია ამ სექტორის რეფორმირება, რაც ამ პროგრამაშიც არის წარმოდგენილი,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.