მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან და რა შემთხვევაში გაიზრდება Wizz Air-ის სიხშირე საქართველოში? - ავიაციის სააგენტო

5f638986917fa
თამთა ჯიჯავაძე
17.09.20 20:11
1604
ავიაკომპანია Wizz Air რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ცვლილება შევიდა მთავრობის N322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“, რომლის შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისს აეროპორტს შორის ოქტომბრიდან შესაძლებელი ხდება პირდაპირი საერთაშორისო რეისების შესრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ეკონომიკის მინისტრის დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაასრულა ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია Wizz Air-თან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა. ამასთან, დადებითი ეპიდემიოლოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, განიხილება ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობა ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან. ზამთრის სანავიგაციო პერიოდი ოქტომბრის ბოლოს იწყება და მარტის ჩათვლით გრძელდება.

"რიგა-ქუთაისი-რიგა წარმოადგენს მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის შემდეგ. მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულად ავიაკომპანია Air Baltic ოპერირებს.

სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით", – წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: როგორც დღეს საქართველოს პრემიერმა თქვა, 1 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები გაიხსნება. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ფრთხილად გააგრძელებს საჰაერო სივრცის გახსნას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

„დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი განხილვებით შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ, კიდევ ერთი მიმართულებით, პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორის ავიაკომპანიებისთვის, როგორიც არის Lufthansa, air france, Airbaltic, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. ჩვენ, დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან, გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.