მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან და რამდენით გაძვირდება სტომატოლოგიური მომსახურება - კლინიკების პასუხი

5ebacdc26839e
თათია ჩაფიჩაძე
12.05.20 22:00
1920
ქვეყანაში გეგმიური სტომატოლგია 22 მაისიდან აღდგება, თუმცა მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას გაზრდილი ფასებით მიიღებენ. ფასების გაზრდის შესახებ კლინიკების ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მიზეზი ის ახალი პროტოკოლია, რომლის მიხედვითაც მათ უნდა გააჩნდეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების 2–კვირიანი მარაგი როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე პაციენტებისთვის.

ნინო ქარდავას სტომატოლოგიურ კლინიკაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არსებული ფასების გათვალისწინებით ერთი პაციენტის ეკიპირების ხარჯი მინიმუმ 30 ლარია, შესაბამისად ფასები გეგმიური მომსახურების აღდგენის შემდეგ ყველა მომსახურებაზე საშუალოდ 10-დან 20%-მდე მოიმატებს.

„ჩვენ ყველაზე მაღალი რისკის პროფესიის წარმომადგენლები ვართ და აქედან გამომდინარე უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმის გამო, რომ ახალი პროტოკოლის თანახმად პაციენტიც უნდა შეიმოსოს შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებებით, ფასები სამწუხაროდ გაიზრდება. თავად მომწოდებლებსაც გაეზარდათ პროდუქციის ფასები. ამჟამად ერთი ერთჯერადი ხალათი 10-15 ლარი ღირს.
იმედი გვაქვს უშუალოდ მასალაზე მაინც არ მოიმატებს ფასი. იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ეკიპირების თანხა ექნება მომხმარებელს დასამატებელი, მაშინ უხეშად რომ ვთქვთ 10-20%-მდე შეიძლება გაიზარდოს იმ ფასების გათვალისწინებით რაც დღეს ბაზარზეა", - განაცხადა ნინო ქარდავამ.

22 მაისიდან ფასების გაზრდას არ გეგმავენ სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელ „დენსიში“, თუმცა აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ეკიპირების ფასი არ შემცირდება, მაშინ სხვადასხვა მომსახურებისთვის აუცილებელი დაცვის საშუალებების გათვალისწინებით ფასები მომდევნო 2 თვის ვადაში 5-დან 50 ლარამდე მოიმატებს.

„ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ემატება იმ ხარჯს რაც სტომატოლოგიაში იყო და შესაბამისად მომსახურების ღირებულებაც გაძვირდება. ეს შეიძლება იყოს 5-დან 50 ლარამდე. გააჩნია მანიპულაციას იმიტომ, რომ სხვადასხვა მანიპულაციაზე სხვადასხვა მოთხოვნები გვაქვს. მაგალითად რესპირატორი N95 გამოიყენება იმ შემთხვევში, როცა აეროზოლი წარმოიქმნება მანიპულაციის დროს, თუმცა ჩვეულებრივი სამშრიანი ნიღაბი შეიძლება გამოვიყენოთ მარტივი კონსულტაციიის დროს, ამიტომ გააჩნია პროცესს, ფასი ამაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა „დენსის“ პაროდონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ლალი ქოჩიაშვილმა.