მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან მიიღებს "გოდერძი" სტუმრებს და რა პრობლემები აქვს კურორტს?

61c1ba32c55f8
ინგა მურუსიძე
21.12.21 16:00
833
საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონის ოფიციალურად გახსნის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. მთის კურორტების განვითარების კომპანია (MTA) ანონსის გავრცელებისგან თავს იკავებს. გამონაკლისი არც „გოდერძია“, თუმცა კურორტზე არსებული სასტუმროები გახსნას 25 დეკემბრისთვის გეგმავენ.

როგორც bm.ge-ს „გოდერძი სქი რიზორტისა“ და „მეტეორას“ სასტუმროების დამფუძნებელი ჯუმბერ ჭყონია უყვება, ამ დროისთვის სასტუმროები ტურისტებს არ იღებენ, რადგან სეზონის ოფიციალურ გახსნას ელიან.

მისივე ინფორმაციით, ტურისტებსაც აინტერესებთ, როდის იხსნება ზამთრის სეზონი, რათა კურორტს სასრიალოდ ეწვიონ. სეზონის გახსნის თარიღი მნიშვნელოვანია, თუმცა ბოლო პერიოდში გოდერძიზე თოვლი დეკემბრის ბოლოს მოდის და მანამდე სეზონის გახსნას აზრიც არ აქვს, მთავარია, სასრიალო ტრასები გაიხსნას.

„25 დეკემბრისთვის ველოდებით სეზონის გახსნას და ჩვენც ვემზადებით. რამდენიმე დღეში უკვე დავიწყებთ სტუმრების მიღებას. ჯავშნებიც ამ დროიდან გვაქვს მიღებული. მთელი იანვარი მოთხოვნაა და ვნახოთ შემდეგი პერიოდი როგორ იქნება. ჯავშნები, ძირითადად, ადგილობრივი დამსვენებლებისგან გვაქვს, ასევე არიან მსურველები უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან. რაც შეეხება დატვირთვას, წინასწარ თქმა გამიჭირდება, თუმცა იანვარი დატვირთულია“, - ამბობს ჭყონია.

მისივე თქმით, სასტუმროებში დასვენება მსურველებს იგივე ფასად შეუძლიათ, რაც ადრე და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
სასტუმროებში, დაახლოებით, 60-მდე ადამიანია დასაქმებული.

პრობლემა, რაზეც „გოდერძი სქი რიზორტის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კურორტამდე მისასვლელი გზაა.

„გზებზე სარემონტო სამუშაოები მიდის; ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეს ახლაც ქმნის დაბრკოლებებს გზებზე, თუმცა ალბათ 2 წელიწადში დასრულდება და გზის პრობლემა მოგვარდება. ჩაკეტვის საშიშროების წინაშე არ ვართ. ისე ძალიან დამღლელი გზაა, შესაძლოა, ამის გამო კურორტზე ამოსვლისგან ბევრმა თავი შეიკავოს. ინვესტორებიც გზის რეაბილიტაციის დასრულებას ელოდებიან“, - ამბობს ჯუმბერ ჭყონია.