22.აგვისტო .2020 12:40

როდიდან მოუწევს თბილისის მოსახლეობას ნარჩენების სეპარირება –„არის რამდენიმე სცენარი”

views 862
უკან

თბილისის ნარჩენების სტრატეგიაზე მომუშავე კონსორციუმმა (ICP-ENVIROPlAN) პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, უკვე არსებობს კონცეპტუალურ დონეზე შექმნილი მოდელი, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ნარჩენების ადგილზე სეპარირებას ითვალისწინებს. ამ პროცესში, ბუნებრივია, ჩართულია „თბილსერვისი“, რომლის ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან Bm.ge-მ ინტერვიუ ჩაწერა.

- ბატონო რომეო, ნარჩენების სტრატეგიის შემუშავების პირველი ეტაპი დასრულებულია. რას ითვალისწინებს აღნიშნული დოკუმენტი?

- ზოგადად, ნარჩენების სტრატეგია ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ახალი სისტემის შემუშავებას და მის დანერგვას, რომელიც მოიცავს ნარჩენის როგორც სეპარირებას, ასევე, რეციკლირებას და აღდგენას. დღესდღეობით, არსებობს პირველი ეტაპის დოკუმენტი, რომელშიც შემუშავებულია რამდენიმე სცენარი იმის შესახებ, თუ რა ტიპის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს. ახლა კი, ამას ესაჭიროება გარკვეული ტიპის ხარჯეფექტიანობის ანგარიში კონსულტანტების მხრიდან, რათა მოხდეს ყველაზე უფრო სწორი და ჩვენთვის ადაპტირებული სცენარის შერჩევა. ამ სტრატეგიის ამოქმედების დაახლოებითი ვადა 2021–2025 წლებია ანუ 2021 წლიდან ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ გარკვეული მიზნების შესრულება.

- თავდაპირველად რა მიზნების შესრულება უნდა დაიწყოთ?

- აქ მთავარია, რამდენი ურნის პრინციპით მივდივართ ანუ რამდენი ურნა უნდა დაიდგას და რა ტიპის ნარჩენი უნდა დავახარისხოთ. ცალკე უნდა იყოს ბიოდეგრადირებადი ანუ სამზარეულოდან გამოსული ნარჩენი, ცალკე უნდა იყოს ქილა და მინა, ამ ყველაფერს შესაბამისი ურნა სჭირდება. ამიტომაც უნდა გადაწყდეს რამდენი ურნის პრინციპზე მივდივართ და შემდეგ უკვე შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. შემუშავებული სცენარების მიხედვით, არის ორ, სამ, ოთხ და ხუთურნიანი ინფრასტრუქტურა. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ამის ინტეგრირების რეალური ხარჯსარგებლიანობის ანალიზი გვქონდეს, რათა გავიგოთ, რა დაუჯდება მუნიციპალიტეტს ამ ინფრასტრუქტურის შექმნა ან რაც გვაქვს, ის არის თუ არა საკმარისი და ამის შემდეგ უკვე დანარჩენი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

- გამოდის, რომ მთლიანად ქალაქში უნდა შეიცვალოს ურნები?

- შეიძლება გამოვიყენოთ არსებული ურნები, რომელიც გაგვაჩნია - პირობითად სტიკერით აღინიშნოს, თუ რა ტიპის ნარჩენი მოთავსდება იქ და ამას დაემატოს კიდევ საჭირო რაოდენობის ურნები შესაბამისი სცენარის მიხედვით. როგორც აღვნიშნე, სცენარები არის ორიდან ხუთ ურნამდე. ასევე, აქ ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა განვიხილოთ. არის ლოკაციები თბილისში, სადაც შეიძლება განთავსების პრობლემა იყოს. ამიტომაც შეიძლება იყოს შერეული ინფრასტრუქტურა, მაგალითად, გარკვეულ უბნებში შეიძლება იყოს ორი ურნის პრინციპი, გარკვეულში - ოთხი. ამის დათვლა მიმდინარეობს ახლა, რა ხარჯები გვექნება და რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი. დაახლოებით, ვფიქრობთ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის, ოქტომბრის პირველ ნახევარში, უკვე ხარჯსარგებლიანობის ანალიზის გარკვეული სამუშაო ვერსია უნდა იყოს.

- ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისას მიწისქვეშა ურნებისათვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა რამდენად გამოდგება ნარჩენების სეპარირებისთვის?

- დიახ, ის რაც ჭავჭავაძის გამზირზეა განთავსებული, გამოდგება ყველა სცენარისათვის, ვინაიდან იქ თითო ლოკაციაზე არის მინიმუმ ოთხი ურნა განთავსებული.

- როდიდან შეიძლება გვქონდეს ახალი ინფრასტრუქტურა?

- მომავლი წლიდან ვგეგმავთ რომ ეტაპობრივად განვახორციელოთ. ერთ დღეში ამას ვერ გავაკეთებთ, თუმცა მოხდება გარკვეული გეგმა-გრაფიკით შესაბამისი ურნების მონტაჟი.

- ურნების გარდა, საჭირო იქნება სხვა ინფრასტრუქტურაც...

- ეს იწყება ურნიდან; გარდა ამისა, უნდა იყოს გარკვეული ტიპის შემგროვებელი პუნქტები, რომელიც ექნება ამ შემთხვევაში „თბილსერვისს“. სხვადასხვა სცენარია შემოთავაზებული, როგორ მოხდეს ეს ყველაფერი. ერთ-ერთი სცენარით, უბნებში უნდა იყოს გარკვეული ტერიტორია, სადაც მოხდება ნარჩენის შეკრება, მაგრამ ესეც გადაწყვეტილი არ არის, ამიტომ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რა ინვესტიციაზეა საუბარი, რათა ჩავუშვათ სტრატეგიის ესა თუ ის ვერსია. ძალიან ბევრი რამ არის შემდგომ უკვე ნარჩენიდან გამომდინარე დასათვლელი.  ამ ყველაფრის მიზანი არის, პირველ რიგში, ნარჩენის სეპარირება, შემდეგ მისი რეციკლირება და შემდეგ აღდგენა ან მეორედი ნედლეულის შექმნა, მაგალითად პლასტმასის ან ენერგიის შექმნა, ანუ გარკვეული დოვლათის შექმნა. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება მეორადი ნედლეული უნდა ვაწარმოოთ თუ ენერგია, უკვე გვეცოდინება რა ტიპის გადამამუშავებელ ქარხანაზე უნდა ვისაუბროთ. შემდეგ კი მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს; შესაძლოა, ამ კუთხით კერძო სექტორის დაინტერესება მოხდეს.

- არაერთი ქვეყანა ნარჩენების ექსპორტს ახორციელებს, მსგავს გეგმაზე თუ არის საუბარი?

- როდესაც ნარჩენების ექსპორტი ხორციელდება, საუბარია მეორად ნედლეულზე. ეს საქართველოში დარჩება თუ სხვა ქვეყანაში გავა ექსპორტზე, ამის წინასწარ განჭვრეტა რთულია. თავად ნარჩენის გატანა ქვეყნიდან არ იგეგმება. ჩვენი სტრატეგიის მიზანი არის ის, რომ მოხდეს მისი საქართველოში რეციკლირება და აღდგენა.

- საზოგადოება ალბათ ჯერ არ არის მზად ნარჩენების სეპარირებისთვის. იგეგმება თუ არა რაიმე საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამ კუთხით?

- რა თქმა უნდა, თუმცა, საინფორმაციო კამპანია რომ დაიგეგმოს, უნდა იყოს არჩეული სცენარი და გზა, რათა მოსახლეობას გავაგებინოთ რა ნარჩენის დახარისხებაზეა საუბარი. ამიტომაც ამის შემდეგ დაიგეგმება გარკვეული ტიპის საზოგადოებასთან კომუნიკაციის არხები, რითიც მათი ცნობადობის ამაღლება მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა