მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ჩაითვლება ჩაბარებულად მეწარმისთვის გაგზავნილი შეტყობინება? - ახალი კანონი

5f3b80d36189f
ინგა მურუსიძე
18.08.20 17:17
1247
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მეწარმის იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან, ან მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან მე-15 დღეს, - ამის შესახებ წერია კანონპროექტში „მეწარმეობის შესახებ“, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა.

კერძოდ, პროექტის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებული ცვლილება შეეხება მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან როგორც პირველადი რეგისტრაციისას, ისე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებისას სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მონაცემების შემოწმების ფარგლებს.

კანონპროექტის თანახმად, მარეგისტრირებელ ორგანოს ევალება წარდგენილი დოკუმენტაციის მხოლოდ ფორმალური სისწორის და არა მატერიალური სისწორის შემოწმება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მონაცემების/დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მათი შინაარსის სისწორესა და შექმნის პროცედურების დაცვაზე პასუხისმგებელია კანონით ან/და სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული, ამ მონაცემებისა და დოკუმენტების შექმნაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო.

როგორც კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, ეს ცვლილება კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს პირველადი და შემდგომი რეგისტრაციის პროცედურას.

კანონპროექტს შემოაქვს ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის, ცნება. ელექტრონული პორტალის მეშვეობით მოხდება: მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გასაჯაროება; სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასზე კანონით დაკისრებული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება (მაგ.: შერწყმის/გაყოფის გეგმის, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნება, განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და სხვ.).