მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და როგორ უნდა დასრულდეს შეზღუდვები? - PMGC

5ea858f4460fa
ინგა მურუსიძე
28.04.20 21:20
1660
მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს შეზღუდვებიდან გამოსვლის თანმიმდევრული გეგმა კრიტერიუმების გათვალისწინებით და ადაპტირებით, რომელსაც ევროპის ქვეყნები იყენებენ, რათა ეკონომიკის ამოქმედებასთან ერთად თავიდან იქნას აცილებული პანდემიის განმეორებითი ტალღის წარმოშობა, - ამის შესახებ PMGC-ის მიმოხილვაშია ნათქვამი, რომელიც ეკონომიკაზე პანდემიის განვლენას ეხება.

„ეპიდემიის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ამოქმედდა საგანგებო ზომები, მათ შორის შეიზღუდა გადაადგილება, დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები და სავაჭრო ობიექტები, აიკრძალა ხალხმრავალი ღონისძიებები, სავალდებულო გახდა სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებების ეფექტის სრულყოფილი შეფასება (მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური) ჯერ არ მომხდარა, კვლევები მიუთითებს, რომ მკაცრი ზომების შედეგად, შემცირდა ვირუსის გადაცემა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა, ვაქცინის არარსებობის პირობებში კვლავ არაპროგნოზირებადია ვირუსის გავრცელების ტენდენცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელების სამ სცენარს განიხილავს (1. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის სრულად შეწყვეტა; 2. პერიოდული ეპიდემიური ტალღები (დიდი ან პატარა); 3. მცირე დონის მუდმივი გავრცელება), რომელთაგან ყველაზე მოსალოდნელი ეპიდემიის პერიოდული ტალღების წარმოშობაა. შესაბამისად, შეზღუდვების შემცირებისას, მნიშვნელოვანია, იმ ძირითადი პრინციპების გათვალისწინება, რაც ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებასთან ერთად, არ გაზრდის ეპიდემიის აფეთქების რისკს.

ევროპის კომისიამ წევრი ქვეყნებისათვის შეზღუდვების შემცირების მზაობის შესაფასებლად სამი ძირითადი კრიტერიუმი შეიმუშავა: 1. დაინფიცირების რაოდენობის შემცირება და დასტაბილურება გარკვეული პერიოდის განმავლობაში; 2. ჯანდაცვის სისტემის მზაობა, უპასუხოს შეზღუდვების შემცირების შედეგად გაზრდილ დაინფიცირების შემთხვევებს; 3.მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რაც გულისხმობს ფართომასშტაბიან ტესტირებას, დაინფიცირებულის კონტაქტების მიკვლევის მექანიზმის არსებობას და დაინფიცირებული ადამიანების იზოლაციის საშუალებას. ასევე, მნიშვნელოვანია, შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის შემუშავება და ეტაპებს შორის ინტერვალის დაცვა გატარებული ღონისძიებების ვირუსის გავრცელებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით. საქართველომ წარმატებით გაართვა თავი პანდემიის პირველ გამოწვევას, რაც ვირუსის გავრცელების შეკავებას გულისხმობს - ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად ჩამოუვარდება საქართველოს მეზობელი ქვეყნებისა და ევროპის მაჩვენებელს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, PMGC -ში მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემოღებული მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ვირუსთან ბრძოლის შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რაც შეზღუდვების შემსუბუქებას და ეტაპობრივად გაუქმებას გულისხმობს.

„შეზღუდვების გაუქმების ეტაპის დროულად და ეფექტურად განხორციელება გადამწყვეტია იმ ეკონომიკური და სოციალური ხარჯის შესამცირებლად, რასაც გატარებული შეზღუდვების ღონისძიებების თითოეული დღე იწვევს. საქართველოს მთავრობა გეგმავს შეზღუდვების ეტაპობრივ გაუქმებას. ვფიქრობთ, ამ პროცესში გასათვალისწინებელია ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც უკვე დაიწყეს (ან უახლოეს კვირებში გეგმავენ) საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების თანდათან შემცირება.

შეზღუდვებისგან გათავისუფლება ეტაპობრივადაა დაგეგმილი და პირველ ეტაპზე, ძირითადად, მცირე ზომის მაღაზიების და სხვა მომსახურებების დაშვებას გულისხმობს (სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნით), ხოლო შემდეგ ეტაპზე, იგეგმება საზოგადოებრივი სასწავლო დაწესებულებების გახსნა და შედარებით მასობრივი თავშეყრის ადგილების ამოქმედება.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს შეზღუდვებიდან გამოსვლის თანმიმდევრული გეგმა კრიტერიუმების გათვალისწინებით და ადაპტირებით, რომელსაც ევროპის ქვეყნები იყენებენ, რათა ეკონომიკის ამოქმედებასთან ერთად თავიდან იქნას აცილებული პანდემიის განმეორებითი ტალღის წარმოშობა“, - ნათქვამია კვლევითი ცენტრის მიმოხილვაში.