მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და სად ააშენებს ქართულ-ისრაელური კომპანია ნუშის გადამამუშავებელ საწარმოს

5f3a97c4cffba
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.20 00:00
2483
ქართულ-ისრაელური კომპანია „ბარ-ლევ მენეჯმენტი“, რომელმაც ნუშის ბაღების გაშენება 2018 წელს დაიწყო და წელს პირველი მოსავალიც მიიღო, ლილოსთან ახლოს ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს.

„ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის ღირებულება დაახლოებით 1.5 მლნ ევროა“, - განუცხადა BM.GE-ის „ბარ-ლევ მენეჯმენტის“ თანადამფუძნებელმა გეგა ბაღათურიამ.

მისი თქმით, თუ ადგილობრივ ბაზარზე ნუში ორივე სახით იყიდება, საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ ნუშის გულის გატანაა შესაძლებელი, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა საწარმოს მშენებლობის პროექტი 2022-2023 წლისთვის განახორციელოს, მაშინ როდესაც მათი ბაღების მოსავლიანობა მაქსიმუმზე იქნება და ასევე ადგილობრივი ფერმერებისგანაც იქნება მოთხოვნა ნუშის გადამუშავებაზე.

„ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ლილოს ტერიტორიაზე იგეგმება, თუმცა ბაზარზე ნუშის საჭირო რაოდენობა დაახლოებით 3 წელიწადში იქნება და ამ პერიოდისთვის ჩვენ დასრულებული გვექნება საწარმოს მშენებლობაც. ჯამურად საწარმოს ასამოქმედებლად 1.5 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდება. თანხის ნაწილი ვფიქრობთ, რომ "აწარმოე საწართველოში" საგარანტიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, სადაც 90%-ის გარანტიას სააგენტო დებს. საწარმო დაახლოებით 20-25 ადამიანს დაასაქმებს.

ველოდებით პასუხს ფერმერებისგან ვის რა მოცულობის ნუში და როდისთვის ექნება გასატეხი.
 
საწარმოს 3 000 ტონა ნუშის გადამუშავებას შეძლებს, რაც 500 ჰა-ზე გაშენებული ბაღის მოსავალი იქნება. პირველ რიგში მოვემსახურებით ჩვენს პარტნიორ ფერმერებს, და შემდეგ უკვე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე“, - ამბობს გეგა ბაღათურია.

კომპანიის თანადამფუძნებელი დამუშავებული და გაუტეხავი ნუშის ფასთა სხვაობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე დამუშავებული ნუშის ღირებულება 2-ჯერ მეტია.

„ადგილობრივ ბაზარზე დამუშევებული 1 კგ ნუშის ღირებულება დაახლოებით 25 ლარია, ხოლო გაუტეხავის 12 ლარი. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, იქ მხოლოდ გატეხილი ნუში იყიდება და მისი ღირებულება 4-დან 6 ევრომდე მერყეობს“, - ამბობს „ბარ-ლევ მენეჯმენტის“ თანადამფუძნებელი.