07.სექტემბერი .2019 13:16

როდის დაასუბსიდირებს ყაზახეთი საქართველოში ხორბლის იმპორტს?

views 495
უკან

რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული ავიასანქციების შემდეგ მოლოდინი გაჩნდა, რომ ქვეყანაში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შეჩერდებოდა. რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს დღეს ქვეყანაში ბაზრის დაახლოებით 80-90% უჭირავს, თუმცა რუსეთის შემდეგ კიდევ ერთი ბაზარი, საიდანაც საქართველოში ხორბლის შემოტანა ხდება ყაზახეთია.

მთავრობამ ალტერნატიული ბაზრის მოძიების პროცესში მოლაპარაკებები სწორედ ყაზახურ მხარესთან დაიწყო. ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ისინი საქართველოში ხორბლის იმპორტის ტრანსპორტირების სუბსიდირების საკითხზე იმსჯელებდნენ.

ამ ეტაპზე საქართველოს და ყაზახეთს შორის ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირების მექანიზმი მზად არის და ის ოქტომბრის თვიდან იმ შემთხვევაში ამოქმედდება თუ  ყაზახური კომპანიების მხრიდან დაინტერესება იქნება. 

როგორც BM.GE-ს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ყაზახეთიდან ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირება მთავრობას საშუალებას აძლევს, რუსეთის მხრიდან არსებული ეკონომიკური პრობლემის შემთხვევაში მზად სპეციალური მექანიზმი ჰქონდეს, რათა ქვეყანა ხორბლის გარეშე არ დარჩეს.

„თუ ყაზახეთის ბაზარზე კონკურენტული ფასი იქნება ეს მექანიზმი ამუშავდება და დივერსიფიცირების მიმართულებით ყაზახური ხორბლის შემოტანის შესაძლებლობა იქნება. პროცესი არ შეჩერებულა და ის გრძელდება.

დღეის მდგომარეობით, ყაზახეთიდან 40 000 ტონა ხორბალია შემოსული. წინ კიდევ სამი თვე გვაქვს და ვნახოთ რა იქნება, გასულ წელს ჯამში 75 ათასი ტონა ხორბალი იყო შემოსული. ყაზახეთიდან იმ რაოდენობის ხორბალი არ არის შემოსული, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით, მაგრამ მთავარია მექანიზმი შეიქმნა და თუ რუსეთის მხარემ სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ გვექნება მექანიზმი ყაზახეთიდან ხორბალი იმაზე იაფად წამოვიღოთ, ვიდრე ამ მექანიზმის გარეშეა შესაძლებელი.

სუბსიდირების მექანიზმი ოქტომბრის თვიდან უკვე ამუშავდება, იმ შემთხვევაში თუ ამის მიმართვიანობა ყაზახური კომპანიების მიერ იქნება, ვისაც საქართველოში ხორბლის შემოტანის ინტერესი ექნება.

მაგალითად, ხორბალი ყაზახურ კომპანიას მოაქვს, რომელსაც ჩვენი რომელიმე წისქვილი ან კომპანია მიმართავს და მხოლოდ მათ გამოუყოფენ სუბსიდირებას, რათა ყაზახურმა კომპანიამ საქართველოში ხორბალი შემოიტანოს“ - განაცხადა სილაგავამ.

აქვე ცნობილი ხდება ისიც, რომ ყაზახეთი საქართველოში მარცვლეულის ექსპორტს ზრდის. ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოსთან ერთად ექსპორტი გაიზრდება თურქეთში, იტალიასა და ესპანეთშიც.


ცნობისთვის: მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთიდან ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირება დააანონსა.

„ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა