მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება ენგურის კაშხლთან ტურისტული ატრაქციის მოწყობა?

5ee39982a6cb4
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.20 09:19
1943
ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის პროექტის შესახებ თავდაპირველად 2017 წლის გაზაფხულზე გაკეთდა განცხადება.

როგორც მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში აცხადებდნენ პროექტირება 1 წელი უნდა გაგრძელებულიყო, რომლის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყებოდა.

BM.GE დაინტერესდა რა ეტაპზეა დღეს პროექტი და როდის მიიღებს ის პირველ მნახველს.

როგორც პროექტის განმახორიელებელი "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" პროექტების მართვის დირექტორი ნუგზარ ხაინდრავა BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს პროექტის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა 2019 წელს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ განახორციელა და დღეისთვის მომზადებული ალტერნატივების შედარება და პროექტის დაფინანსების სქემების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ შექმნეს კონცერფცია რა სახის ატრაქციებისა და შემეცნებითი ობიექტების გაკეთება შეიძლებოდა კაშხლის მიმდებარედ.

„კოკო არქიტექტორების“ მიერ მომზადებული სრული პროექტის ღირებულება შეადგენს 69 395 913 ლარს, ხოლო შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“-ს მიერ ჩატარებული სოციალურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად რეკომენდირებული ატრაქციების ღირებულება შეადგენს 37 813 139 ლარს.

ენგურის კაშხლის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად „კოკო არქიტექტორების“ მიერ მომზადებული პროექტიდან გამოიყო: ენგურის კაშხლის მიმდებარედ 1 250 მეტრი სიგრძის ზიპლაინის და გადმოსახედი ბაქანის მოწყობის პროექტები, რომელიც „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ უნდა განხორციელდეს“, -აღნიშნა ნუგზარ ხაინდრავამ.

GEDF-ის პროექტების მართვის დირექტორის ინფორმაციით, პირველი ზიპლაინის მოწყობის ტენდერი უნდა შემდგარიყო, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.

„ამ ეტაპზე ინვესტორის ვინაობა არ არის ცნობილი. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ფონზე, კაშხალთან მიმდებარე ტერიტორიაზე ზიპლაინის მოწყობის მიზნით ინვესტორთა შერჩევის პროცესი გადაიდო და ვითარების დასტაბილურების შემდეგ ხელახლა გამოცხდადდება.

პირველ ეტაპად მოიაზრება ზიპლაინის და გადმოსახედი ბაქანის მოწყობა, აღნიშნული ობიექტების მშენებლობის დაწყება იგეგმება 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო გახსნა 2021 წლის მესამე კვარტალში იგეგმება“, - უთხრა BM.GE-ს ნუგზარ ხაინდრავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაკორექტირების გამო დაზუსტებით ვერ იტყვიან რა თანამონაწილეობა ექნება სახელმწიფოს აღნიშნულ პროექტში. პროექტების მართვის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი ეტაპების განხორციელების დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.
„პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ შევხედავთ როგორ იმუშავებს, პარალელურად ვიმუშავებთ შემდგომ ეტაპებზე სად და როდის რა ატრაქცია მოეწყოს და 2021 წლისთვის გვეცოდინება უკვე როგორ წავალთ“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, 10 მარტს გამოსაცხადებელი ზიპლაინის მოწყობის სატენდერო პირობების მიხედვით, მხოლოდ ზიპლაინის პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 1 220 629.60 (ერთი მილიონ ორასოცი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარით იყო განსაზღვრული, საიდანაც ფონდის მიერ შევსებული იყო 61 031.48 ლარი, რომელიც ზემოაღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და თანმდევი ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვის მიზნით გაიხარჯა.