მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება ონში 2.7 მლნ ლარის ღირებულების აგრობაზრის მშენებლობა?

6443debe81898
თინათინ ნატმელაძე
22.04.23 17:40
835
რამდენიმე თვის წინ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ქალაქ ონში, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე აგრარული ბაზრის მშენებლობა იგეგმებოდა და პროექტი უკვე დამტკიცებული იყო.

მაშინ BM.GE ონის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსს, თეიმურაზ ბერიშვილის დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მლნ ლარია, რისთვისაც სახელმწიფოს 1.5 მლნ ლარის ოდენობის თანხა უკვე გამოყოფილი აქვს.

მისივე თქმით, მშენებლობა მარტის თვიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ აგრობაზრის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ქალაქ ონის მერმა სერგო ხიდაშელმა კი BM.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ აგრობაზარის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა წინასაარჩევნოდაც ითხოვდა. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ეს ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს, ამ პროექტზე აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ სამშენებლო სამუშაოები მალევე დაიწყება“, - ამბობს მერი.

ადგილობრივი მოვაჭრეები კი გვიყვებიან, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლებს სხვადასხვა ნახაზებით ხშირად ხედავენ, თუმცა სამუშაო პროცესების რეალურად დაწყების ნიშნები ჯერ არ შეინიშნება.

„ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა, ახალი ბაზარი ნამდვილად გვჭირდება. აქ არ არის შესაფერისი გარემო, ამ დროს სურსათის უვნებლობის სამსახური ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებას ითხოვს, ამ გარემოში კი ამ სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლებელია, ამიტომ თითქმის ყოველდღიურად გვაჯარიმებენ, ფაქტობრივად, მუშაობის საშუალებას აღარ გვაძლევენ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მოვაჭრე.

როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია "შპს ურბან სინგერია".

შეგახსენებთ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ღია და დახურული სავაჭრო სივრცეების, ადმინისტრაციული დამხმარე შენობა-ნაგებობისა და საგამოფენო სივრცეების მოწყობა იგეგმება, გახსნის საბოლოო ვადა კი მომავალი წლის დასაწყისია.