მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება ქობულეთში 2019 წელს დაანონსებული „გრინ რეზორტის“ მშენებლობა?

633a7335f1471
თათია ჩაფიჩაძე
04.10.22 20:00
2886
ქობულეთში მულტიფუნქციური კომპლექსის „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა 2019 წელს დაანონსდა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მლნ ლარი იყო. მაშინდელი პრემიერის მამუკა ბახტაძის მიერ „შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული პროექტის წარდგენიდან მალევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "მწვანე ქალაქის" მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტიც დაამტკიცა. 2020 წლის თებერვალში კი „გრინ რეზორტმა“ ქობულეთის საინვესტიციო პროექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, მაგრამ პანდემიის დაწყების გამო პროექტის გეგმები და დეტალები მათ შორის ვადებთან მიმართებით დაკორექტირდა.

შედეგად, 2022 წლის 29 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქობულეთის მუნიციპალიტეტში შპს „გრინ რეზორტის“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ მინისტრის 2020 წლის ბრძანება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანიამ პროცედურები თავიდან უნდა გაიაროს.

როდის დაიწყებს კომპანია  „გრინ რეზორტი" პროექტის მშენებლობას და რატომ არ გახდა საჭირო დასკვნების წარდგენა? - ამ კითხვით BMG-მ კომპანიის იურისტს დავით ჩიტაიას მიმართა, რომელიც განმარტავს, რომ ერთი მხრივ ნებართვის აღების შემდეგ დაწყებული პანდემიის და მეორე მხრივ, ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიისთვის მინიჭებული ძეგლის სტატუსის გამო, პროექტის დეტალები შეიცვალა. ჩიტაია განმარტავს, რომ არსებულ ნაწილი საერთოდ აღარ განაშენიანდება, მიმდებარედ კი დაბალი ინტენსივობის მშენებლობა დაიწყება.

ბოლო ინფორმაციით, კომპანია პროექტის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს და არაუგვიანეს 2025 წლის დასაწყისში დაასრულებს. სრულად პროექტი ხუთ ეტაპად არის დაყოფილი, რომლის განხორციელებაც 9-10-წლიან პერიოდს უკავშირდება.

“ნებართვას ვადა იმის გამო გაუვიდა, რომ პროექტის დეტალები შევცვალეთ. არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა ძეგლის სტატუსის გამო კონკრეტულ ტერიტორიებზე მშენებლობა საერთოდ აღარ განხორციელდება, მიმდებარედ კი დაბალი განაშენიანებით იქნება. ამის გამო მოგვიწია ადგილმონაცვლეობა, ამიტომ ამ ეტაპზე სკოპინგის დასკვნას აზრი აღარ ჰქონდა.

ახლა ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობის სამუშაოებს, 2023 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ და პირველი ეტაპი 2024 წლის ბოლოს, 2025 წლის დასაწყისში დასრულდება. მთლიანად პროექტი დაყოფილია ხუთ ეტაპად, რომელიც 9-10 წელში უნდა დასრულდეს.“ - განაცხადა ჩიტაიამ.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში დაახლოებით 180 ჰექტარზე იგეგმება. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.