16.ივნისი .2020 19:45

როდის დაიწყება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით სესხების გაცემა?

views 636
უკან

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები უკვე დამტკიცებულია - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა კერძო სექტორისთვის გადაუდებელი დაფინანსების გამოყოფას ისახავს მიზნად. მთავრობის პროგნოზით, სესხების გარანტირების მეშვეობით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გაცემა მოხდება.

პროგრამას ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი “აწარმოე საქართველოში” გაუწევს.

BMG პროგრამის ამოქმედების შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ბანკებმა “აწარმოე საქართველოსთან” ხელშეკრულებებს ხელი უკვე მოაწერეს და ამჟამად საკრედიტო გარანტიების სისტემის მათ არსებულ პროდუქტებში ინტერგირებაზე მუშაობენ. ძნელაძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში პირველი სესხების გაცემა უკვე მოხდება. ამასთან, საბანკო ასოციაციაში ფიქრობენ, რომ თანხობრივად სესხების უდიდესი ნაწილი არსებული სესხების რესტრუქტურიზაციას შეიძლება მოხმარდეს.

“ათვისება ალბათ მაქსიმუმ 10 დღეში დაიწყება. ადმინისტრირების თვალსაზრისით, მაქსიმალურად ლოიალურად მიუდგა, ამ შემთხვევაში, "აწარმოე საქართველოში”.

მგონია, რომ უმეტესი ნაწილი ანუ 200 მილიონ ლარამდე მოხდება სწორედ რესტრუქტურიზაციებისთვის ათვისება. ეს თანხა არსებული სესხების რესტრუქტურიზაციისთვის უფრო იქნება. ალბათ ახალი სესხებიც, რომლებიც იქნება არსებული კლიენტებისთვის მიწოდებული დამატებითი რესურსები იქნება, რომელსაც ისინი გაფართოებისთვის გამოიყენებენ და უფრო ნაკლებად იქნება სტარტაპები, მაგრამ სტარტაპებიც, რა თქმა უნდა, იქნებიან პროგრამის ბენეფიციართა შორის,” - განაცხადა ძნელაძემ.

განსაზღვრულია ის პირობები, რომელთა შედეგადაც თანხების ალოკაცია მოხდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბენეფიციარს დაფინანსების მიღება შეეძლება როგორც ახალი სესხების აღებისთვის, ასევე სესხების რესტრუქტურიზებისთვის. პროექტში ჩაერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რომელთათვისაც 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

მთავრობის დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ იმისათვის, რათა კომპანიას საკრედიტო-საგარანტიო სისტემაში მონაწილეობის უფლება მიეცეს, მისი შემოსავლების მოცულობა მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრულ შემოსავლებს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო მისი არსებული სასესხო ვალდებულებების მოცულობა 12 მილიონ ლარზე დიდი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი სესხზე სახელმწიფო გარანტიით ვერ ისარგებლებს.

მოთხოვნები პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხთან მიმართებით

1. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხ(ებ)ის რესტრუქტურიზებისას, ამ პუნქტით გათვალისწინებული სესხის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება ეკვივალენტური/შესაბამისი ოდენობებით უცხოურ ვალუტაში, სესხის რესტრუქტურიზაციის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. სესხის მაქსიმალური მოცულობა არ იცვლება თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებისას სესხის მოცულობად მიიჩნევა რესტრუქტურიზების განხორციელების მომენტში არსებული სესხის ნაშთი და არა გაცემული სესხის თავდაპირველი ოდენობა.

2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს. თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში, მათ მიერ აღებული სესხების ჯამური ოდენობა (ცალ-ცალკე და ერთობლივად) არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს.

3. პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხის რესტრუქტურიზება/რეფინანსირება შესაძლებელია როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე იმავე ვალუტაში, რესტრუქტურიზების განხორციელების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.

4. საკრედიტო გარანტია მოქმედებს სესხის გაცემიდან/რესტრუქტურიზებიდან არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.

5. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სესხის გაცემას ან/და რეფინანსირებას, ხოლო ბანკის შემთხვევაში ასევე გაცემული სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებში.

6. რეფინანსირება/რესტრუქტურიზება პროგრამის მიზნებისათვის არ მიიჩნევა ახალი სესხის გაცემად.

7. თუ პროგრამის ფარგლებში რეფინანსირებისას ხდება ბენეფიციარისთვის თანხის დამატება, ნამეტი თანხა მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში აღებულ ახალ სესხად, რომელიც შესაძლოა, არ აკმაყოფილებდეს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული სესხის მინიმალური მოცულობის მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამეტი თანხა (ახალი სესხი) გაცემულია რეფინანსირებული სესხის მომსახურების მიზნით, რომლებიც თავის მხრივ აკმაყოფილებდა პროგრამით დადგენილ ლიმიტებსა და კრიტერიუმებს.

8. პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, თუ სესხის მოცულობა არ აკმაყოფილებს სქემის ფარგლებში მოთხოვნილ კრიტერიუმს, საკრედიტო გარანტიის გამოყენება ხდება სესხის თავდაპირველი მახასიათებლ(ებ)ის შესაბამისად.

პროგრამის განხორციელების პროცესი და საკრედიტო გარანტიის თანხის მართვა:

1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი მეწარმე სუბიექტი მიმართავს შესაბამის ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.

2. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას დადგენილების მე-5 მუხლის პირველ და მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სააგენტოს უგზავნის მიმართვის ფორმასა და საგარანტიო თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას.

3. სააგენტო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისობის შემოწმებას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან.

4. კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან. სააგენტოს დასტურის შემთხვევაში, სესხი ითვლება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად.

5. სააგენტოს მიერ წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით, წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული:

- ახალი სესხების შემთხვევაში, წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – 31.5 პროცენტის ოდენობით, ხოლო

- კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – 10.5 პროცენტის ოდენობით.

6. სააგენტო საკრედიტო გარანტიის თანხის ჩარიცხვას უზრუნველყოფს წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების, 31.5 პროცენტის, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა (სრულად ან ნაწილობრივ) არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში დაფარვების მიხედვით თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა სესხების გაცემის, ხოლო ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზაციის შედეგად წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე მიმდინარე დაფარვების შესაბამისი ჩასარიცხი თანხა განისაზღვრება:

- პროგრამის ფარგლებში გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

- პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების 10.5 პროცენტის ოდენობით.

9. სააგენტო ამოწმებს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის სისწორეს და აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრას, კომერციულ ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად.

10. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში ახალი სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 31.5 პროცენტის, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. სესხის ტრანშებად გაცემის შემთხვევაში, საგარანტიო თანხის განთავსება კომერციულ ბანკში წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ხორციელდება ტრანშის პროპორციულად.

12. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კომერციული ბანკი მოახდენს სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას პროგრამის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

13. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კომერციული ბანკი მისთვის სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას პროგრამის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხვას.

14. კომერციულ ბანკში მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად არსებულ სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი არ ექვემდებარება ფისკალური წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.

15. კომერციული ბანკი ყოველი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში გამოხატული დეპოზიტის საპროცენტო სარგებლისა და საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ამასთან, ყოველი თვის 15 რიცხვამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

16. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წინამდებარე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ სააგენტოსთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული, ხოლო ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

17. წინამდებარე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აწვდის სააგენტოს, განახლებულ ინფორმაციას სასესხო პორტფელის შესახებ, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებების, დეფოლტისა და ახალი, კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შესახებ.

რა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე დეფოლტი დგება - ანუ მსესხებელი თანხის მომსახურების გადახდისუუნაროა:

1. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული სესხების დეფოლტის დადგომის შემდეგ წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული საგარანტიო თანხიდან კომერციული ბანკის მიერ ხდება საკრედიტო გარანტიის ათვისება პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების დეფოლტის დადგომის შემდეგ წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული საგარანტიო თანხიდან სააგენტოს დასტურის შემდეგ კომერციული ბანკის მიერ ხდება საკრედიტო გარანტიის ჩამოჭრა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხვა, რომლის მიერ, თავის მხრივ, ხდება საგარანტიო თანხის ათვისება პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. დეფოლტის დადგომის თაობაზე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს და აწვდის ინფორმაციას საკრედიტო გარანტიის თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა).

4. ასათვისებელი თანხა წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაცემული, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული, სესხის დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ბანკის მეშვეობით) მიერ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

5. ასათვისებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება გადეფოლტებული სესხის ძირი თანხის (გადასახდელი პროცენტებისა და საკომისიოს გარეშე) ნაშთის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, დეფოლტის მომენტისთვის არსებული კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფაქტობრივი პორტფელის 35 პროცენტის ოდენობაზე. კერძოდ, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გადეფოლტებული სესხ(ებ)ი ანაზღაურდება მანამ, სანამ თითოეული კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის პროგრამის ფარგლებში გადეფოლტებული სესხების თანხის ჯამური მოცულობა მიაღწევს ფაქტობრივი პორტფელის 35 პროცენტს.

6. კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ ასათვისებელი თანხის ოდენობის სისწორის დადასტურების შემდეგ, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, ჩამოჭრას სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობა.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის გადეფოლტების შედეგად ასათვისებელი თანხის სისწორის სააგენტოს მიერ დადასტურებისა და ბანკისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ კომერციული ბანკი ვალდებულია, წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არსებული სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოჭრას ასათვისებელი თანხა და გადაურიცხოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შესაბამის ანგარიშზე, რომელიც, თავის მხრივ, მოახდენს ამ თანხის ათვისებას.

8. დეფოლტის დადგომის საფუძველზე, კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს გადეფოლტებული სესხის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას.

9. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ, ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებულ, სესხების შემთხვევაში ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის არაუმეტეს 90 პროცენტისა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის შემთხვევაში ან/და 30 პროცენტისა კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებული სესხის შემთხვევაში ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.

10. სესხის ამოღების შედეგად ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მიღებული თანხის გადანაწილების საფუძველზე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-6 ან/და მე-7 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშიდან კომერციული ბანკის მიერ ჩამოჭრილი ასათვისებელი თანხის ფაქტობრივ ოდენობას.

11. თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში. სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.

13. თუ პროგრამის ფარგლებში გასაცემი/დასარესტრუქტურიზებელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ბენეფიციარის მიერ ხდება ისეთი ქონების მითითება, რომელზეც უკვე რეგისტრირებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებები (იპოთეკა/გირავნობა), მოთხოვნის წარმოშობის მომენტში კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.“

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა