მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა? - გიორგი კაკაურიძის პასუხი

6343f531ec718
შოთა ტყეშელაშვილი
10.10.22 14:42
613
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას თუ რა სახით განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა განაცხადა, რომ შესაბამის სტრატეგიას მთავრობა წლის ბოლომდე დაამტკიცებს. კაკაურიძის თქმით, საბოლოოდ მთავრობის გადასაწყვეტია თუ რა სახით ჩატარდება აღნიშნული რეფორმა, თუმცა საბოლოო მიზანია, რომ სახელმწიფო კორპორაციები მომგებიან ეკონომიკურ სტრუქტურებად გარდაიქმნან.

“თუ რომელ საწარმოებში იქნება რეფორმა, ეს უნდა განსაზღვროს სტრატეგიამ და შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება საბოლოო სახე სტრატეგია. ძირითადი არსია, რომ თითოეულ საწარმოში უნდა გადავიდეთ კორპორაციულ მმართველობაზე, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მმართველი საბჭო, რომლის ფუნქციები მენეჯმენტისგან იქნება სრულიად გამიჯნული. თითოეული საწარმოს ფინანსური ვალდებულებების და ფინანსური მაჩვენებლების გადამოწმება მოხდება, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენ ყველაფერი ეს მოგვცემს იმის გარანტიას, რომ საწარმოები მომავალში იქნებიან ერთი მხრივ მომგებიანი, მეორე მხრივ ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ობიექტები,” - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ხუთწლიანი ზარალის შემდეგ 2021 წელს სახელმწიფო კომპანიები ჯამურად მოგებაზე გავიდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, საერთაშორისო დონორების შეფასებით, სახელმწიფო საწარმოები ბიუჯეტისთვის რისკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს კვლავ წარმოადგენენ. BMG-ისთან ინტერვიუში აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ევგენი ჟუკოვი მიიჩნევს, რომ მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების რეფორმირებას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის თანახმად, 2021 წელს 147 სახელმწიფო კომპანიის მთლიანი მოგება 537 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის, 2020 წელს მათი ზარალი 1 მილიარდ ლარს აჭარბებდა, ჯამურად 2015-2020 წლებში კი დაგროვილი ზარალი 4.1 მილიარდ ლარს შეადგენდა.

უფრო დეტალურად ზარალები ასე ნაწილდებოდა:

• 2015 წელი -786 მილიონის ზარალი
• 2016 წელი -535 მილიონის ზარალი
• 2017 წელი -732 მილიონის ზარალი
• 2018 წელი -816 მილიონის ზარალი
• 2019 წელი -237 მილიონის ზარალი
• 2020 წელი -1,075 მილიონის ზარალი
• 2021 წელი 537 მილიონის მოგება

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს ჯამური მოგება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სახელმწიფო კომპანიების შემოსავლების 19%-იანი ზრდა იყო, რის შედეგადაც მთლიანად სექტორმა მოგებაზე გასვლა შეძლო.