21.ოქტომბერი .2019 16:25

როდის დაიწყება საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

views 350
უკან

"საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება. ჩვენ ახლა მოდელის განახლებას ვაკეთებთ და გვინდა პირველ რიგში ის რეგიონები გამოვკვეთოთ, სადაც არის ტურისტული პოტენციალის განვითარება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახებისთვის ხარისხიანი ინტერნეტი იქნება მიწოდებული, მაგრამ ის ასევე შესაძლებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების განვითარებისთვის შექმნის, ამ კუთხით რეგიონები იქნება შერჩეული. ამის შემდეგ ბიუჯეტი დაზუსტდება და "ფონდმა ქართუმ" კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, როგორც ეს აქამდე იყო, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, როდესაც ჩვენ ბიუჯეტს დავაზუსტებთ შემდეგ ჩვენ დაფინანსების წყაროებს გადავწყვეტთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას განმარტებითვე, მთავრობა საკითხზე უფრო კონკრეტულ საუბარს ცოტა ხანში შეძლებს.

"28 ოქტომბერს მსოფლიო ბანკის მისიას ველოდებით, რომელიც თავისი კონსულტაციით გვეხმარება ამ პროექტის სწორ ორგანიზებაში და ამ დროისთვის ვიქნებით მზად, რომ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართუმ“ ინტერნეტიზაციის პროექტი დაანონსებული $150 მილიონის ნაცვლად, ჯერჯერობით, 3 მილიონი ლარით დააფინანსა. 3 მილიონი ლარის პროექტში დახარჯვის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გაჟღერდა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა გერმანულ კომპანიას გადაუხადეს, რომელმაც გამოიკვლია რომელ ქალაქებსა თუ სოფლებში იყო ინტერნეტიზაციის საჭიროება.

„ფონდი "ქართუ" ყოველთვის გვერდში ედგა სახელმწიფოს და იქ ეხმარება, სადაც მას უჭირს და არ აქვს შესაბამისი სახსრები. შემდგომ, როცა სახელმწიფოს გაუჩნდა საკუთარი სახსრები მან თავად განაგრძო ამ პროექტის განხორციელება. თუ სახელმწიფოს კვლავ ექნება იმის საჭიროება, რომ ფონდი "ქართუ" დაეხმაროს, ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით“,- განაცხადა "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ცნობისთვის, ინტერნეტიზაციის პროექტის საჭიროების შესახებ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. მოგვიანებით 2015 წელს უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად დააანონსა მისი დაწყება და თქვა, რომ პროექტს 100 მილიონი დოლარით "ფონდი ქართუ" სრულად დააფინანსებდა. მოგვიანებით ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააზუსტა, რომ პროექტის ღირებულება 150 მლნ დოლარი იყო. ინტერნეტიზაციას სპეციალურად შექმნილი სტრუქტურა "Open Net" ხელმძღვანელობდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა