14.ივლისი .2022 00:20

როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა? - ახალი თარიღი ცნობილია

როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა? - ახალი თარიღი ცნობილია
views 2372
უკან

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ტერიტორიაზე პროექტზე პასუხისმგებელი შპს „მარაბდა-კარწახის“ ფინანსურ  ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტის დასრულების ახალი თარიღი ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს 2022 წლის 24 თებერვლის რიგით 32-ე სხდომაზე შეთანხმდა.   

ფინანსური ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ კომპანია განაგრძობს ზარალის დაგროვებას, რის შედეგადაც მისი დაგროვილი ზარალი და უარყოფითი კაპიტალი 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 1,192 მლრდ ლარს. ზარალი  ძირითადად გამოწვეულია 2007 წლიდან დაგროვილი საკურსო სხვაობით და იმით, რომ 2011 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, რკინიგზის ექსპლუატაციაში მიღებამდე კომპანიას ეკრძალება ყველა ისეთი სახის საქმიანობა, როგორიცაა კომერცია, აქტივების მართვა-განკარგვა მოგების მიღების მიზნით და შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

2021 წელს კომპანიის წლის წმინდა მოგება შეადგენდა 123,912 ათას ლარს, აღნიშნული განპირობებულია 2021 წელს საკურსო სხვაობიდან მიღებული მოგებით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რკინიგზით, სატესტო რეჟიმში, ტვირთების გადაზიდვა ამ დროისთვისაც ხორციელდება. ვარაუდობენ, რომ სრულად ამოქმედებიდან პირველ ეტაპზე, 5 მილიონი ტვირთის გადაზიდვა მოხდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურში, საკონტეინერო და არაერთგვაროვანი სხვადასხვა სახეობის ტვირთის მომსახურებისთვის ინფრასტრუქტურა უკვე განთავსებულია. 

სამშენებლო კონსტრუქციების, სასუქების, პილომასალების, ლითონისა და ლითონის ნაკეთობების გადასატვირთი მექანიზირებული პუნქტი სპეციალური ამწეებით, ამწეები კი აღჭურვილია კონტეინერების გადასატვირთი ავტომატური მექანიზმით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დღე-ღამეში დაახლოებით 200 ერთეული 20, 40 და 45-ფუტიანი კონტეინერის გადამუშავება.

ამწეების აღჭურვილობა ასევე შესაძლებლობას იძლევა დამატებით ისეთი ტვირთების გადამუშავება მოხდეს, როგორიცაა სამშენებლო კონსტრუქციები, რკინის ნაწარმი და ხე-ტყე.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დასრულების საწყისი თარიღი 2014 წელი იყო, თუმცა თარიღი გადავადდა. მიზეზად დასახელდა  კლიმატური პირობები, რთული რელიეფი, მყარი ნიადაგი და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობები.

პროექტი ხორციელდება 2011 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსგან შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისთვის" გამოყოფილი 775 მლნ. აშშ დოლარის სესხით.  საკრედიტო ხაზი იყოფა ორ ნაწილად: 1) 200 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით ტრანში „ა“ 1%-იანი განაკვეთით და 575 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ტრანში „ბ“ 5%-იანი განაკვეთით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა