მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება „რადიოქალაქის“ პროექტზე მუშაობა?

62e24c6187aab
თათია ჩაფიჩაძე
28.07.22 13:09
779
მუხიანში, რადიოქალაქის ყოფილ ტერიტორიაზე "აჭარა ჯგუფი“ მრავალფუნქციური ჰაბის მშენებლობა დაწყებულია. როგორც BM.GE-ს "კოლექტივ დეველოპმენტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ბერიშვილმა განუცხადა, პროექტის პირველი ნაწილი, რომელიც 7 500 კვ/მ-ზე სარეკრეაციო ზონას მოიაზრებს, 2023 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება; პირველი ადმინისტრაციული შენობის გახსნა კი 2023 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

„ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ არსებული შენობების; ბევრი მასალაა შესაცვლელი. გვაქვს ვადები, რომლის მიხედვითაც ვავითარებთ ამ პროექტს. სამი შენობისგან შედგება, პირველი ადმინისტრაციის განვითარება დაგეგმილია 2023 წლის პირველ ნახევარში, იგეგმება სარეკრეაციო სივრცეების გახსნა, 7 500 კვ/მ გარე სარეკრეაციო სივრცეზეა საუბარი და 2023 წლის ბოლოს ადმინისტრაციული შენობის გარკვეული ფუნქციების ამოქმედებაა დაგეგმილი. მათ შორის კაფე-ბარის, რესტორნის, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეების.

პროექტის ვადა 4-წლიანი იყო 2021 წლიდან; შესაბამისად, 4 წლის ვადაში სრულად მოხდება მისი განვითარება ეტაპების მიხედვით. პროექტში განსაკუთრებული ცვლილება არ შესულდა; გარკვეული გადახედვა მოხდა, თუმცა ძირითადი ჩამონათვალი იგივე დარჩა. ერთი მხრივ, გასართობი სარეკრეაციო სივრცეები განვითარდება და მეორე მხრივ, ისეთ პარტნიორებთან კოლაბორაცია მოხდება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს, ახალ ეკონომიკურ კერებს შექმნიან უკვე უბანში. პანდემიის პერიოდში დავინახეთ ახალი სტარტაპკრეატიული კომპანიების განვითარება; შესაბამისად, ბევრ კომპანიას ვესაუბრებით, რომ მათი წარმოდგენა მოხდეს იქ. ეს პროექტი იქნება საერთაშორისო მასშტაბზე გათვლილი, მოვიზიდავთ როგორც საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც იქ იქნებიან წარმოდგენილები და ამავე დროს საერთაშორისო გამოფენებისა და ექსპოების მოზიდვას შევძლებთ", - განაცხადა ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში "აჭარა ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ "ინდუსტრიული ქალაქი" 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმარჯვა და "რადიოქალაქში" 23 მლნ ლარი გადაიხადა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 10 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა, მის განვითარებასთან ერთად სამომავლოდ "რადიოქალაქში" ამდენივე მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

აღსანიშნია, რომ "რადიოქალაქის" პროექტის განხორციელება 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა არსებული გეგმები პანდემიის გათვალისწინებით შეიცვალა.