მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დატოვებს რიონის ხეობას პოლიცია? - ნათია თურნავას პასუხი

60c722cde46da
ინგა მურუსიძე
14.06.21 15:14
574
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 12 ივნისს, ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს მედიაციით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართული პირველი შეხვედრის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა. მისი შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციული იყო და რამდენიმე საათის განმავლობაში საკითხზე საგნობრივი მსჯელობა გაიმართა.

მედიის წარმომადგენლები სხვა საკითხებთან ერთად დაინტერესდნენ, მოლაპარაკებების დაწყების ფონზე, როდის დატოვებს რიონის ხეობას პოლიცია და როდიდან მიეცემათ ადგილობრივებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

„პოლიციის ქმედებები უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო. პოლიციას ნამდვილად არ უხარია იქ ყოფნა. ერთადერთი ამოცანა არის, რომ ადგილზე იყოს მშვიდობა, არ მოხდეს კონფლიქტი, რისი სამწუხარო მაგალითებიც უკვე გვქონდა. როგორც კი გვექნება წინაწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ზეწოლა თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების, რა თქმა უნდა, საკითხი მყისიერად გადაწყდება, თუმცა დაპირება საჯაროდ უნდა მივიღოთ და ეს ასახულია პირველი შეხვედრის აქტშიც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობდეს ჯანსაღად, ვნებათაღელვა ჩაცხრეს და მოლაპარაკებები უფრო მშვიდობიან და კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს.

კითხვას - მედიაციის ფარგლებში განიხილება თუ - არა, ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, ნათია თურნავა პასუხობს, რომ აქტივისტებმა პირველ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი დააყენეს, თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა, მათ შორის ევროპელმა მედიატორმა, ეს მოთხოვნა არ გაიზიარა.

„იყო წაყენებული სპეციალური სერიოზული კონტრარგუმენტები  კომპანიამ 12 თვით გადადო კაშხლის მშენებლობა, ხოლო რაც შეეხება მოსამზადებელ სამუშაოებს, მას გარემოს დაცვით საკითხებზე განსაკუთრებული გავლენა არ აქვს, კომპანიას გააჩნია ამის ნებართვა და მიზეზის, საფუძვლის გარეშე ნებართვის შეწყვეტა არის საინვესტიციო გარემოს დაზიანება და ინვესტორის უფლებების შელახვა, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გარდა ამისა, ნათია თურნავამ დღესვე მედიატორის ჩართულობით გამართული პირველი შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ მას ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეები, არასამთავრობო ორგანიზაციები,  განახლებადი ენერგიების და მცირე ჰესების ასოციაციები და ასევე, მთავრობა ორი სამინისტროს დონეზე იყო წარმოდგენილი. ამდენად, საკმაოდ საგნობრივი დისკუსიაც წარიმართა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, მედიაცია რთული პროცესია და მხოლოდ ერთი შეხვედრით არ ამოიწურება.

„მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა, აღინიშნა უმნიშვნელოვანესი რამ, რომ ხეობაში, პროექტის ირგვლივ სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოხდეს. ასევე ხეობა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, ეს ჩვენი ძალიან დიდი სურვილიცაა. დეესკალაციას ყოველთვის აქვს ორი მხარე, მათ შორის არის სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში ახლა პროტესტს მართავენ, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, ხოლო კომპანიას, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, არ უნდა შეექმნას პრობლემა, ისევე როგორც იქ დასაქმებულ 300-მდე ადამიანს. ყველა უფლება უნდა იყოს დაცული - როგორც ინვესტორის, ისე პროექტში დასაქმებული ადამიანების“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პირველ შეხვედრაზე დაისახა გეგმები, როგორ უნდა მოხდეს კომერციული ასპექტების  კვალიფიციური შესწავლა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, მათ შორის სამუშაოების დროებით შეწყვეტას. მისი შეფასებით, კონტრაქტის მოშლას ძალიან მძიმე შედეგი ექნება როგორც საქართველოს საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე მთლიანად სახელმწიფოსთვისაც, რადგან კომპანიას სრული უფლება ექნება, სახელმწიფოს პასუხი მოთხოვოს. 

„მთლიანობაში ეს წინაპირობები, რაც დაისახა, საშუალებას იძლევა, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზაცია და ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ პროექტი იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ქვეყნის ინტერესებს და თან გაუმჯობესებული ფორმით“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ  "მიმდინარეობს მუშაობა თურქულ კომპანიასთანაც და მათი კეთილი ნებაც არის, რომ გაუმჯობესდეს პროექტი, თუნდაც გადაიხედოს მიწების იჯარით იჯარით გადაცემის ვადები".