მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ექნებათ საწარმოებს თვითმონიტორინგის სისტემა ჰაერში მავნე გაფრქვევების კონტოლისთვის?

62bf44f9d5fe3
ნინო ტაბატაძე
02.07.22 00:50
545
ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა კვლავ დიდ პრობლემად რჩება. ყველა საწარმომ, საიდანაც ჰაერში მავნე ნივთიერების გამოფრქვევა ხდება, წლის ბოლომდე თვითმონიტორინგის სისტემები უნდა დანერგოს. ვალდებულება გასულ წელს ამოქმედდა, თუმცა ბიზნესს მისი შესრულება გაუჭირდა, რის გამოც არაერთხელ დაჯარიმდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამჟამად, ყველა საწარმოს თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვისთვის ინდივიდუალური გეგმა აქვს მიცემული, გეგმის დარღვევაზე კი, სამინისტროს რეაგირება ექნება.

კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ გარემოს დაცვის მენეჯერი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ კომპანიას უკვე დამონტაჟებული აქვს საქართველოში არსებულ სამივე საწარმოში მზომი ხელსაწყოები, თუმცა სისტემის მიერ მონაცემების გადაცემა ჯერ ონლაინ რეჟიმში არ ხდება.

„ჩვენ ფოთში, რუსთავსა და კასპში, სამივე საწარმოში, უკვე დავაყენეთ მზომი ხელსაწყოები. ამჟამად, მიმდინარეობს დაკალიბრება, რომ მოხდეს ზუსტი მონაცემების განსაზღვრა და ინფორმაციის სამინისტროსთვის გადაცემა“, - ამბობს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გარემოს დაცვის მენეჯერი გიორგი ჩალაძე.

კომპანია „რუსთავის აზოტში“ კი, ამბობენ, რომ მზომი ხელსაწყოების დამონტაჟება რამდენიმე ფაქტორმა შეაფერხა, თუმცა ივლისის ბოლოს სისტემა უკვე დამონტაჟებული და ექსპლუატაციაში შესული იქნება.

„გარკვეული დრო წაიღო მომწოდებელი გერმანული კომპანიისათვის ტექნიკური დავალების სწორად განსაზღვრამ. გერმანულ მხარესთან ერთად თვეების განმავლობაში ვმუშაობდით, თუ როგორი ტიპის აღმრიცხველები და მზომავები გვჭირდებოდა. ჩვენთან არის ემისიის ოთხი წყარო. თითოეული ამ წყაროდან ემისიებში კი, არის რამდენიმე კომპონენტი, ამიტომ გვჭირდებოდა ოთხი განსხვავებული და რამდენიმე კომპონენტის მზომი ხელსაწყო. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ტექნიკური დავალების მომზადების პროცესმა დიდი დრო წაიღო. ხელსაწყოების დამონტაჟებას ვგეგმავდით მაისში, თუმცა შემდეგ, მომწოდებელი კომპანიის თანამშრომელს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. ახლა უკვე შეთანხმებულია, რომ ეს სპეციალისტი ჩამოდის ივლისის შუა რიცხვებში და ივლისის ბოლოს უკვე ექსპლუატაციაში შევა ხელსაწყოები“, - განმარტავს BMG-სთან „რუსთავის აზოტის“ დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძე.

საწარმოებს 2021 წლის 1 ივნისიდან დაევალათ დანერგონ გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემა და მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საკანონმდებლო ცვლილებით, აირმტვერდამჭერი სისტემის არქონის ან გამოუყენებლობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევისთვის, სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის, ჯარიმები მოქმედებს. ჯარიმის ოდენობა 10 000 ლარიდან იწყება.