მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ეყოლება სებ-ს 2 ახალი წევრი - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ელოდება

5e47a424e0e2b
ინგა მურუსიძე
15.02.20 15:40
1487
ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატის წარდგენისთვის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ელოდება.

როგორც ცნობილია, გასული წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ხიშტოვანის და გიორგი მიროტაძის კანდიდატურები წარუდგინა. მოგვიანებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანდიდატები მოიწონა, მაგრამ ვიდრე ხიშტოვანს და მიროტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც მოუსმენდა და მოიწონებდა, გიორგი მიროტაძემ კანდიდატურა მოხსნა. მას მიზეზები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მიროტაძის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრ ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი, სადაც პარლამენტარმა თქვა, რომ გიორგი მიროტაძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორია.

Bm.ge დაინტერესდა, რატომ ჭიანურდება პრეზიდენტის მხრიდან მეორე კანდიდატურის წარდგენა.

„საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის თანახმად, გასული წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები.

მოცემული პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთმა კანდიდატმა საკუთარი განცხადებით უარი თქვა მისი კანდიდატურის განხილვის პროცედურის გაგრძელებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, საკითხი განხილვის სტადიაშია საქართველოს პარლამენტში, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით მოკლებულია შესაძლებლობას წარადგინოს ახალი კანდიდატები“, - განუცხადეს bm.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება პარლამენტში პრეზიდენტის მიერ უკვე წარდგენილ კანდიდატურას, გიორგი ხიშტოვანს, ჯერ კიდევ იანვარში bm.ge-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უთხრეს, რომ საკითხის განხილვა დროში შეზღუდული არაა, თუმცა იქვე დასძინეს, რომ სავარაუდოდ, საგაზაფხულო სხდომის დღის წესრიგში ჩასვამენ.

Bm.ge-მ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესც ჰკითხა - უშლის თუ არა სებ-ის საბჭოს მუშაობაში ხელს ის ფაქტი, რომ 2 წევრი აკლია და ხომ არ მოუწოდებდა პრეზიდენტს და პარლამენტს, იაქტიურონ ამ საკითხის მოსაგვარებლად.

„დღესდღეობით, ეროვნული ბანკის საბჭოში არის 5 წევრი და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები სებ-ის კანონის და უფლებამოსილებების მიხედვით. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატების წარდგენას, მოგეხსენებათ, რომ ეს არის უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება და ვფიქრობთ, რომ ის მას განახორციელებს და მე თავს შევიკავებ ამ თემის კომენტირებისგან“, - თქვა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 7-წევრიანი საბჭო 2 წევრის გარეშეა.

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს - ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურათ; საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.