მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება და რამდენ მგზავრს მოემსახურება ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი?

5e2154e116bb9
ინგა მურუსიძე
17.01.20 22:00
6630
ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი სექტემბერში გაიხსნება, - ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-ს „აეროპორტების გაერთიანებიდან“ მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულებულია, ხოლო ამ ეტაპზე სრულდება ე.წ. მწვანე სახურავის მოწყობა ღია ვერანდით.

„გამოცხადებულია ტენდერი ახალი ტერმინალის შიდა სარემონტო სამუშაოებზე, რომელიც დაახლოებით თებერვლის თვეში დაიწყება და სექტემბერში ახალი ტერმინალი გაიხსნება. პარალელურად მიმდინარეობს საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობა, რის ფარგლებშიც ტერმინალი სპეციალური დანადგარებითა და გათბობა-გაგრილების სისტემით აღიჭურვება. ახალ ტერმინალში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო“, - ნათქვამია „აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ბოლოს დაიწყო, პროექტის დასრულების შემდეგ ტერმინალის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათას კვადრატული მეტრი იქნება.

„აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს. პროექტი მშენებლობის პროცესში რამდენჯერმე შეიცვალა და უფრო მასშტაბური გახდა. მშენებლობას რაც შეეხება, პროცესი არც ერთი დღით არ შეჩერებულა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ქუთაისის აეროპორტის არსებული ტერმინალი გათვლილი იყო მგზავრთნაკადის კუთხით, წლიურად 400 000 – 500 000 მგზავრის მომსახურებაზე, ხოლო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ტერმინალი წლიურად 2 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზრდება.

„ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და პიკურ საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. 2019 წელს, 12 თვის ჭრილში მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 42% გაიზარდა და აეროპორტი 900 000-მდე მგზავრს მოემსახურა. ახალი ტერმინალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აეროპორტში ჯამურად დაახლოებით 700-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული“, - ამბობენ „აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციაში.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, გაზაფხულზე 10 ახალი მიმართულებით დაიწყება ფრენები.

„ტურისტულ მიმართულებას რაც შეეხება, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ფრენების მიმართულებით. როგორც იცით, „რაინეარმა“ დაიწყო ფრენა, ასევე ნოემბერში ავიაკომპანია „ვიზეარს“ დაემატა ორი მიმართულება. ამასთან, გაზაფხულზე 10 ახალი მიმართულებით იქნება მარშრუტები „ვიზეარის“ და „რაინეარის“ მიერ. პლიუს ამას, გაზაფხულზევე გაიხსნება ახალი ტერმინალი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ რიგები ასე თუ ისე განვტვირთოთ. ტერმინალი რამდენიმე თვეში გაიხსნება“, - განუცხადა bm.ge-ს შალამბერიძემ.