მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის განხორციელდება საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი? - მინისტრის პასუხი

5ebc0724a7272
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.20 18:50
1355
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ე.წ. “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროგრამა იქნება იმ ინფასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელთა განხორციელების ტემპის დაჩქარებაც მოხდება. ამასთან თურნავა აცხადებს, რომ პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ამჟამად კონტრაქტორ კომპანიებთან მიმდინარეობს.

“გვაქვს საკმაოდ მყარი მოლაპარაკებები და შეთანხმება მსოფლიო ბანკთან, რომ ჩვენ “ოუფენ ნეტის” ანუ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს განვაახლებთ და დავასრულებთ. ეს პროექტი მიეკუთვნება იმ ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვს, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ დავაჩქარებთ და არ გავაჩერებთ. მე იმასაც გეტყვით, რომ ამ პერიოდში ჩვენ, მართალია უფრო შენელებული ტემპით, მაგრამ ვაგრძელებთ “ოუფენ ნეტის” პროექტის პირველ საპილოტო ნაწილს. აქ მიმდინარეობს ტენდერი, მიმდინარეობს მოლაპარაკება კონტრაქტორებთან. დონორი იქნება სახელმწიფო და მსოფლიო ბანკი, რომელიც საკმაოდ ჩართულია იმაში, რომ ჩვენი IT ტექნოლოგიები განვითარდეს, აფინანსებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სტარტაპებს და ძალიან დიდი რესურსის ჩადებას და დახმარებას გეგმავს ინტერნეტიზაციაში, შესაბამსად, ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად გავაგრძელებთ ამ პროექტს,”- გადაცემა “ფორბსის კვირაში” განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტი, რომელიც 5 წელია ვერ განხორციელდა:

მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში წარადგინა და ამისთვის “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-იც” დააფუძნა. თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფო ინვესტიციით, რეგიონებში ინტერნეტის ქსელის გაყვანის პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადასულა.

ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.

2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის განხორციელებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა კერძო კომპანიებმა მასში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

2016 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #375, რომლითაც ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.

2016 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ფონდი” პროექტში ჩაერთვებოდა და რეგიონების ინტერნეტიზაციისთვის $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. როგორც დრომ აჩვენა, აღნიშნული განცხადება მცდარი აღმოჩნდა.