07.აპრილი .2020 23:29

როდის შეამოწმებენ კომპანიებს, ვისაც მუშაობის განახლება სურს - ბიზნესი შიშობს, რომ მთავრობას რესურსი არ ეყოფა

views 672
უკან

181-ე დადგენილებით საქართველოს მთავრობამ იმ კომპანიების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებსაც კორონავირუსისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობა არ ეკრძალებათ. ჩამონათვალში მოხვდა სურსათი, სამედიცინო პროდუქცია და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები, მაგალითად მობილური ტელეფონებით ვაჭრობა, ასევე კომპიუტერების მიწოდება და ა.შ. თუმცა, ამ სიის მიღმა დარჩა არაერთი კომპანია, რომელიც მუშაობას ვეღარ აგრძელებს.

იმისთვის, რომ მათ ოპერირება განაახლონ სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ, შემდეგ მოდის მათი შემოწმების პროცედურა. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელება ასობით კომპანიამ მოითხოვა, დღეში კი ხელისუფლებას საშუალოდ 50 კომპანიის შემოწმების რესურსი აქვს. ონლაინ გაყიდვების კომპანიები ამბობენ, რომ მოთხოვნა გაცილებით დიდია.

კომპანია On Way-ს წარმომადგენელი თამარ გოგოლაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ყველაფერთან ერთად შემოწმების პროცედურა 5 სამუშაო დღეს მოიცავს, ამიტომ გაურკვეველია, რეალურად როდის მოხდება ამ კომპანიების დაკმაყოფილება და მათთვის სამუშაო ნებართვის მიცემა.

“ეს არის ძალიან დიდი დრო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ინტერნეტმაღაზიებს კი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები წარმოადგენენ, რომლებიც წლების განმავლობაში აგებდნენ ამ ბიზნეს მოდელს”,- აცხადებს გოგოლაშვილი. მისივე თქმით, ინტერნეტ ბმული, სადაც აპლიკაცია უნდა შეავსონ კომპანიებმა, მაღალი მოთხოვნის გამო ხშირად ითიშება.

ინტერნეტ მაღაზია Wishlist-ის თანადამფუძნებელი სალომე ქუთათელაძეც აცხადებს, რომ მუშაობის ამ რეჟიმში ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ალბათ გვიან მოიცლის, რაც მათ კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება.

“საუბარია ათასობით კომპანიაზე, რომლებისთვისაც მუშაობის ერთადერთი საშუალება ონლაინგაყიდვები იყო. 50 კომპანიის დღიური შემოწმება ძალიან დაბალი მაჩვენებელია. შეიძლება თვის ბოლომდეც ვერ გაართვან თავი, რომ მივიდნენ მცირე და საშუალო ბიზნესებამდე. ეს არის პრობლემა, რომ დროულად ვერ მოხდება შემოწმება”,- აცხადებს სალომე ქუთათელაძე.

საკუთარ პროდუქციას ონლაინ ყიდის კომპანია “ნაირ-ნაირიც”, რომელიც ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ პრაქტიკულად გაჩერებულია.

“შევავსე ფორმა და ველოდებით, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის მოხდება ამ ფორმების შემოწმება და საბოლოოდ, როდის მოხდება გამონაკლისის დაშვება. ამიტომ რეალურად მსგავსი ტიპის ბიზნესები გაჩერებულია. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, რადგან ეს არის ჩვენთვის დამატებითი შემოსავლის წყარო, რადგან მე და ჩემს პარტნიორს გვაქვს სხვა სამსახურიც, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისთვსიაც ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა”,- აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ხერგიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა