მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შემოიტანენ ფარმაცევტული კომპანიები თურქეთიდან მედიკამენტებს?

61e809fab6beb
თათია ჩაფიჩაძე
20.01.22 00:14
1218
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ილონა კოკიაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების შემოტანის ეფექტის გაზომვა დაახლოებით 3-4-თვიან პერიოდში იქნება შესაძლებელი. BMG-სთან საუბრისას კოკიაშვილი ამბობს, რომ კომპანიები თავად გადაწყვეტენ რა სახეობის, რა რაოდენობის წამლები შეისყიდონ თურქეთიდან და რომელი ბაზარი ჩაანაცვლონ ამ შესაძლებლობით.

რაც შეეხება ფალსიფიცირების რისკებს, კოკიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ მხრივ ქართული მხარე თურქეთის მარეგულირებელთან სრულფასოვნად იმუშავებს.

„რა ეფექტს მოიტანს ეს ჩვენი ბაზრისთვის, ამის გაგებას სჭირდება 3-4-თვიანი პერიოდი, სავარაუდო დინამიკა გამოჩნდება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ და გავიგებთ თუ რამდენი მედიკამენტი ჩანაცვლდება, რა სახეობის. ეს არის კომერციული და ტექნიკური საკითხი იმიტომ რომ ყველა იმპორტიორი თავად გადაწყვეტს რომელ ბაზარს ჩაანაცვლებს თურქეთის ბაზრით. რა ფასდაკლებებში იქნება, ეს თემაც დროის შემდეგ განხილვის საგანია. ფასდაკლება შეიძლება 5% იყოს, შეიძლება 10-15%. თურქეთში სხვა სახის რეგულაციაა ფასზე, იქ სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ, ამიტომ აქ რომელი შემოვა და როგორი ფასით ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ამის ანალიზს შევძლებთ 3-4 თვეში, როცა ფიზიკურად რეალიზაციაში ჩაეშვება.

რა პირობებითაც შემოდის სხვა წამლები სხვა ქვეყნებიდან, აბსოლუტურად იგივე ვრცელდება თურქეთთან მიმართებით, ეს კანონი 2009-ში გამოიცა, 2013-ში, 2021-ში და ახლა უკვე 2022-ში დაემატა მას ისრაელი, ხორვატია და თურქეთი. რა რისკების წინაშე დავდგებით, ამაზეც დროის ჭრილში შეგვიძლია საუბარი. ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის მექანიზმის ქონა. ვიმედოვნებ, რომ რეგულირების სააგენტო მოახდენს ამ ყველაფრის სწორ მონიტორინგს და ხარისხის კონტროლს.

მერწმუნეთ არცერთ კომპანიას არ აწყობს არარეალური მარჟების დაწესება, ვინაიდან ეს ხელს უშლის მსყიდველუნარიანობას. მაღალი კონკურენციის პირობებში ყველა გადაწყვეტს კონკურენტუნარიანი იყოს ყველა მიმართულებით", - აცხადებს კოკიაშვილი.

17 იანვრიდან საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.