მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შევა ძალაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება? - მინისტრი შეფერხებებზე საუბრობს

5ebd11e599642
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.20 13:45
1171
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMG-ის კითხვაზე თუ როგორ მიმდინარეობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეფორმით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების მიღება, ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ COVID-19-ის გამო ეს პროცესი შეფერხებული იყო, თუმცა მომდევნო მთავრობის სხდომაზე შესაბამისი დოკუმენტების მიღება იგეგმება.

“საკანონმდებლო გადაწყვეტილებები მიღებულია და ახლა კანონქვემდებარე აქტებზე მიდგა ჯერი. ფაქტობრივად ეს პროცესი დასრულებულია. თქვენ იცით, რომ საკანონმდებლო ინიციატივას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები ბიზნესთან. გათვალისწინებულია ბიზნესის ყველა მოსაზრება და მე ვფიქრობ, რომ ეს რთული რეფორმა საკმაოდ ახლოსაა განხორციელებასთან.

ჩვენ უკვე დავუბრუნდით სამუშაო რეჟიმს, მთავრობის მეორე სხდომა გაიმართა ჩვეულ რეჟიმში და შესაბამისად, უახლოეს მთავრობის სხდომაზე გვექნება ეს პაკეტი გამოტანილი. ის უკვე არის შეთანხმებული სამინისტროებთან და შესაბამისად, პროცესი ძალიან მალე დაიწყება.

ჩვენ ვხედავთ, ბიზნესში არის კარგი ინეტერსი. რა თქმა უნდა COVID 19-თან დაკავშირებით ჩვენი გეგმები ცოტა გადაიწია, მაგრამ, მის განხორციელებას განვაგრძობთ,”- განაცხადა დავითაშვილმა.

2019 წლის დეკემბერში, ძალაში შევიდა საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც კონკრეტული პროდუქციის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიერ ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე, პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებს.

სპეციფიკურ ნარჩენებს მიეკუთვნება: ნარჩენი შესაფუთი მასალა (პლასტმასი, ქაღალდი/მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, ბატარეები და აკუმულატორები.

იმისთვის, რომ რეფორმამ მოქმედება დაიწყოს, საჭიროა კანონქვემდებარე აქტების მიღება თითოეული სპეციფიკური ნარჩენის სექტორისთვის. როგორც ცნობილია, 4 კანონქვემდებარე აქტზე მუშაობა დასრულებულია. ერთ-ერთი პრობლემური თემა კი შესაფუთი მასალების შეგროვება-დამუშავებასთან დაკავშირებული აქტია, რომელზეც ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რათა მთავრობაში გადაგზავნოს დასამტკიცებლად. აღნიშნული ნარჩენების მენეჯმენტთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს, ამიტომ მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ მომხდარა.