25.აპრილი .2020 17:37

როდის უნდა დაიწყოს ქვეყანამ ტურიზმში მარკეტინგული კამპანია - G&T-ის შეფასება

views 658
უკან

ამ ეტაპზე ფულის დახარჯვა მარკეტინგში, ფუჭად დახარჯული ფული მგონია, - ასე პასუხუბს Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი თორნიკე სამყურაშვილი BM.GE-ის კითხვაზე, რამდენად საჭიროა მიმდინარე პერიოდში ტურიზმის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მარკეტინგული კამპანიის დაწყება. 

მისი შეფასებით, საქართველომ გაკვეთილი ისეთი განვითარებული ქვეყნებისგან უნდა მიიღოს, სადაც ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი იყო.

"პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეპიდემიის პროცესში კარგი მონაცემები. მივიჩნევ, რომ გარდამავალ პერიოდში, დაფასდება ისეთი ქვეყნები, სადაც შედარებით კარგად გაუმკლავდნენ ვირუსის გავრცელებას. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვნია, რომ ინფიცირების ეს დინამიკა შევინარჩუნოთ, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული არგუმენტი იქნება ტურისტების დასარწმუნებლად;

მეორე - ამ ეტაპზე ფულის დახარჯვა მარკეტინგში ფუჭად დახარჯული ფული მგონია. როდის უნდა დაიწყოს ფულის დახარჯვა მარკეტინგზე? - ალბათ, როდესაც გამოჩნდება გვირაბის ბოლოს სინათლე, როდესაც დავინახავთ ამ მრუდების მკვეთრ შემცირებას და ნელ-ნელა დაიწყებენ საუბარს საზღვრების გახსნაზე. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი, რას აკეთებენ პირობითად ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი, იმიტომ რომ როგორც ჩვენი ქვეყანაა მნიშვნელოვნად დამოკიდებული ტურიზმზე, ისეა დამოკიდებული მაგალითად, ესპანეთის ეკონომიკა ტურიზმზე დამოკიდებული.

ის ქვეყნები, რომელიც ეპიდემიოლოგიურად ქრონოლოგიაში ჩვენზე წინ არიან, მნიშვნელოვანია რას გააკეთებენ. იმიტომ რომ ძალიან წვრილ თოკზე გვიწევს გავლა, რათა არ მოვახდინოთ ნაადრევად საზღვრების გახსნა, იმპორტირებული შემთხვევების ზრდა რომ არ გვქონდეს და ნაადრევად არ გავხარჯოთ მარკეტინგზე ფული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ განვითარებული ქვეყნების შეცდომებსა და სწორ ნაბიჯებს. მაგალითად, ბევრი ქვეყანა წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას - ახალი ზელანდიის პრემიერმა განაცხადა, რომ არ აქვთ არჩევანი, ბალანსი იპოვონ ეკონომიკასა და ჯანდაცვას შორის, აქ ის ტურიზმს იშველიებს და ამბობს, რომ ტურიზმი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რა შედეგები ექნებათ ჯანდაცვაში. მეც ამ აზრს ვეთანხმები - არჩევანის უფლება არ გვაქს იმიტომ, რომ გრძელვადიან პერიოდში, რაც 12-18 თვეს გულისხმობს ამ ეტაპზე, თუ სრულყოფილ ცხოვრებას დავუბრუნდებით, ტურიზმი იქნება ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწრაფად დაუბრუნდება თავის მაჩვენებელს.

ასეთი მასშტაბის კრიზისი არ გვქონია, მაგრამ მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ღორის გრიპი 2009 წელს, იყო მცირე შეფერხება ტურიზმის დინამიკაში, მაგრამ 9-თვიან მონაკვეთში დაუბრუნა იმ მაჩვენებლს, რაც მანამდე იყო", - განმარტავს ანალიტიკოსი.

თორნიკე სამყურაშვილი ტურიზმის სექტორში, პირველად ასამოქმედებელ ბიზნესმიმართულებებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ რესტორნები იქნება ეს, თუ სასტუმროები, ახალ დღის წესრიგს უნდა მოერგონ.

"რესტორნებს შეუძლიათ რომ გადააწყონ მომსახურებები ახალ სისტემაზე, მაგალითად, ჩინეთში უკვე გაიხსნა რესტორნები, მაგრამ სოციალური დისტანცირების ნორმებით.

სასტუმროებისთვის ამ პერიოდში მნიშვნელოვანია საკარანტინე სივრცეებად გამოყენება, რადგან ბევრ მათგანს შესაძლებლობა მიეცა თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინა, თუნდაც ნულოვანი მოგების პირობებში, იმიტომ რომ უმეტესობა ამ ეტაპზე დაკეტილია, ვეღარც ხელფასებს იხდიან და ვეღარც ვალდებულებებს.

მნიშვნელოვანია, რამდენი ხნით იქნება ვალდებულებების გადავადება საგადასახადო, თუ საბანკო მიმართულებით. ვფიქრობ, რომ რაღაც რაოდენობა გაუძლებს ამ ყველაფერს, თუმცა დიდი ოპტიმიზმი არ გვაქვს. სასტუმროებს გაუჭირდებათ განსაკუთრებით თბილისში, იმიტომ რომ შიდა ტურიზმმა შეიძლება დახმარება გაუწიოს რეგიონალურ სასტუმროებსა და გესთ-ჰაუსებს. რადგან მსყიდველუნარიანობა მოსახლეობის არის დაბალი, იმის ილუზია არ უნდა გვქოდეს, რომ ძვირადღირებულ სასტუმროებში დაისვენებენ. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი შეღავათი იყოს მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებისთვის", - უთხრა BM.GE - ის თორნიკე სამყურაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა