მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდისთვის შეიქმნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა? - ამირან გამყრელიძის პასუხი

5e6a2b78afb14
ვიქტორია მღებრიშვილი
12.03.20 16:37
3374
"2-3 თვეში ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის იმედი ნუ გვექნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შექმნა რთული არ არის, განსაკუთრებული ყურადღება და დრო ეთმობა მის შემოწმებას იმისთვის, რომ უკუჩვენება არ ჰქონდეს.

"21-ე საუკუნეში ვართ და სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. რამდენიმე სახის ვაქცინა შექმნილია. დღევანდელი ტექნოლოგიებით ეს რთული არ არის, როდესაც ვირუსის გენომი გაშიფრულია. დიდი დრო მიაქვს ამ ვაქცინის გამოცდას, რომ ის უსაფრთხო იყოს ადამიანისთვის. არის ეტაპები ცხოველებზე გამოცდის, შემდგომ უკვე ადამიანებზე სამი ფაზა კვლევები, მანამდე ვაქცინა მწვანე შუქს ვერ ნახავს, რომ ამ ვაქცინით მოსახლეობა აიცრას. ამიტომ ჩვენი გათვლებით, ეს დაიკავებს წელიწადნახევარს. ამიტომ 2-3 თვეში ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის იმედი ნუ გვექნება.

ჩემი შეხედულებით, ალბათ უფრო მალე იქნება ე.წ. ეტიოტროპული პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ ამ ვირუსზე და ამ შტამზე მოქმედებენ. ამაზე უკვე მიდის მუშაობა რამდენიმე წამყვან ლაბოტარორიასა და ინსტიტუტში. ჩინეთში 80 ათას ადამიანთან სხვადასხვა ტიპის პრეპარატები იქნა გამოყენებული და ისეთი ანტივირუსული პრეპარატები, როგორიც გახლავთ ებოლას საწინააღდეგოდ გილეადის მიერ 2014-2015 წლებში შექმნილი პრეპარატი, რომელიც გამოსცადეს ჩინელებმა ძალიან კარგი შედეგებით და იყენებენ, ასევე, ორი ანტივეტროვირუსული პრეპარატი, რომელსაც ზოგადად შიდსის მკურნალობისთვის იყენებენ, ისიც იქნა გამოყენებული დადებითი შედეგებით. ასევე იქნა გამოყენებული ისეთი პრეპარატები, როგორიც არის ქლოროფინი.

დანარჩენი მკურნალობა ამ დაავადების არის სიმპტომური, იმის მიხედვით, წინა პლანზე რა სიმპტომი გამოიხატება", - განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.