მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე კრიპტოაქტივების რეგულირების კანონპროექტს? - MyCons-ის პოზიცია

631b54ed31e08
გიორგი თოლორდავა
10.09.22 22:00
1098
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს კრიპტო და ციფრული აქტივების რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობაზეა მიმართული.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კრიპტო სერვისების პროვაიდერებსა და მომხმარებლებს ახალი ვალდებულებები გაუჩნდებათ, სექტორის მარეგულირებლის ამპლუაში კი, ეროვნული ბანკი მოგვევლინება.

კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნულ ცვლილებას პოზიტიური ფინანსური გავლენა ექნება ციფრული აქტივების მომსახურების პროვაიდერებსა და საფინანსო სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომელთაც საქმიანობის უფლება ექნებათ. სექტორში გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს მის განვითარებას და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნას, რასაც, სებ-ის შეფასებით, პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე.

კანონპროექტის შეფასებით მიზნით, ქვეყნის უმსხვილესი კრიპტოპლატფორმა MyCoins-ის წარმომადგენლობას დავუკავშირდით, რათა ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესის პოზიცია შეგვეტყო.


გთავაზობთ ინტერვიუს eMoney / MyCoins-ის კომერციული დირექტორ ლუკა ლომსაძესთან:


პარლამენტში კრიპტო და ციფრული აქტივების რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილება. როგორ შეაფასებდით მას, ხედავთ თუ არა მასში გამორჩეულად სასარგებლო ან პრობლემატურ საკითხებს?

კრიპტო მარკეტის რეგულაციები ყოველთვის სენსიტიური საგანი იყო, რადგან ბევრის თავდაპირველი მოსაზრებით, ჩვეულებრივ კლიენტებს შეეზღუდებოდათ გარკვეული ტიპის აქტივობები - რაც აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. კრიპტო რეგულაციები, ისეთი ფორმით, როგორც ახლა გვევლინება, არის სასარგებლო და ინდუსტრიას ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და უკეთესი პარტნიორობების შექმნაში დაეხმარება - აწ უკვე ლიცენზირებული კრიპტო პლატფორმების სახელით.

სერვისების პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრებათ ახალი ვალდებულებები, კერძოდ, კლიენტებისა და ტრანზაქციების შესახებ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის შეგროვებისა და მისი ეროვნული ბანკისთვის გაზიარების შესახებ - რამდენად შესაძლებელია ეს და მოითხოვს თუ არა ის დამატებით მატერიალურ და ფიზიკურ რესურსებს კომპანიების მხრიდან?

ეს სწორედ ის ხელსაწყო/სერვისია, რომელსაც საქართველოში მოქმედი კრიპტო პლატფორმები უკვე, აქამდეც უნდა იყენებდნენ. ჩვენ, ტრანზაქციებისა და კრიპტო ადრესების უსაფრთხოების შესამოწმებლად უკვე ძალიან დიდი დროა (დაფუძნების პირველივე დღიდან) ვიყენებთ AMBRY-ს, რომელიც მსგავს რეგულაციებთან თანხვედრაში მოყვანაში გვეხმარება.

თქვენი შეფასებით, რა შეიცვლება ჩვეულებრივი მომხმარებლის ცხოვრებაში, გართულდება თუ არა მისთვის სერვისების მიღება?

ჩვეულებრივი კრიპტო მომხმარებლის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება.

ხედავთ თუ არა იმის რისკებს, რომ 10,000-ლარიანმა სარეგისტრაციო მოსაკრებელმა და სებ-ის მიერ წარმოდგენილმა მოთხოვნებმა გაართულოს სექტორში ახალი კომპანიების გაჩენის შესაძლებლობა და შეზღუდოს კონკურენტული ბაზარი?

10,000 ლარი, ისეთი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ, რომ მნიშვნელოვანი შედეგი დადონ და ბევრ კლიენტს მოემსახურონ - არ წარმოადგენს დიდ თანხას.

კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, ცვლილებას პოზიტიური ფინანსური გავლენა ექნება სექტორში წარმოდგენილ კომპანიებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე - იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?

ჩემი აზრით, როგორც თავდაპირველად ვახსენე, მსგავსი რეგულაციების შემოღება, რომელიც არანაირად არ ვნებს უბრალო კრიპტო მომხმარებელს და აქცენტს აკეთებს უშუალოდ პლატფორმებზე (და ანიჭებს მათ ლიცენზიას) საკმაოდ დადებითი ნაბიჯია ინდუსტრიის სამომავლოდ უკეთ განსავითარებლად.

იყო თუ არა თქვენი კომპანიის წარმომადგენლობა ეროვნულ ბანკთან ერთად კანონპროექტის შექმნისა და კონსულტაციების პროცესში ჩართული? 

დიახ, როგორც MyCoins, ასევე სხვა წამყვანი კრიპტო პლატფორმების წარმომადგენლები იღებდნენ ამ დისკუსიაში მონაწილეობას.

საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბება შეუწყობს თუ არა ხელს საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას და ქართული კომპანიების გლობალურ ბაზარზე გასვლას?

დიახ - ქართულ, აწ უკვე, ლიცენზირებულ კომპანიებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექნებათ, ვიდრე აქამდე. უცხო ქვეყნის კომპანიებისთვისაც, ჩვენი მარკეტი მეტად სანდო გახდება.

ხედავთ თუ არა მოთხოვნების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით პოტენციურ პრობლემებს (ტექნიკურს, ფიზიკურს ან სხვას)?

ჩვენი, MyCoins-ის მხრიდან, ყველაფერი იმაზე გაცილებით ადრე გვქონდა მზად, ვიდრე ეროვნული ბანკი ამას მოითხოვდა, ამიტომ, ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის.

მიესალმებით თუ არა კრიპტო და ციფრული აქტივების სექტორის რეგულირებას თუ მიგაჩნიათ, რომ აღნიშნული სფერო რეგულაციების გარეშე უკეთესად განვითარდება?

რეგულაცია, რომელიც უშუალოდ პლატფორმებს და მათი კლიენტების უსაფრთხოებას ეხება და თან ლიცენზირებულს ხდის კომპანიას, არის დადებითის მომტანი.


ვრცლად კანონპროექტის შესახებ წაიკითხავთ აქ: რა წერია კრიპტო და ვირტუალური აქტივების რეგულირების შესახებ კანონპროექტში?