მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ბიზნესი საელჩოების ჩართულობას ეკონომიკურ დიპლომატიაში - Glenberries-ის მოსაზრება

6034e482df27f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.21 10:15
832
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დავით ზალკალიანმა პარლამენტში დეპუტატებს წარუდგინა, უწყებამ და საქართველოს საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ხელი შეუწყვეს უცხოურ მედიაში საქართველოს საექსპორტო, ტურისტულ, საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინტერვიუს/სტატიების გამოქვეყნებას და გადაცემის გაშვებას. საქართველოს საელჩოები უცხო ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებში და ბიზნეს ასოციაციებში რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაციას საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებზე და საზღვარგარეთ ბიზნეს-პარტნიორების მოძიებით ან პროდუქციის გატანით დაინტერესებული ქართული კომპანიების თაობაზე. ანგარიშში მოხსენიებული კომპანიებიდან ერთ-ერთი Glenberries იყო, რომელიც 2018 წლიდან საკუთარი მეურნეობით და წარმოებით ისრაელსა და აშშ-ში გაყინული ხილის და ბოსტნეულის ექსპორტს ახორციელებს.

მინისტრის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ „2020 წელს ისრაელში დაიწყო კომპანია Glenberries საქართველოში წარმოებული გაყინული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი“, ამიტომ BM.GE დაინტერესდა, რა მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესმენს და კომპანიის დამფუძნებელს, რომელიც თავის დროზე საქართველოში ბიზნესის ასამოქმედებლად ისრაელიდან ჩამოვიდა.

რაფაელ მაღალაშვილის ინფორმაციით, კომპანის მიერ 2020 წელს ისრაელსა და ამერიკაში ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა არც თუ ისე დიდი იყო, თუმცა მისთვის პარტნიორების მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიძლება ჩართული იყოს უცხო ქვეყნიდან ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყვანის საკითხებში, რომლებიც ამოწმებენ პროდუქციას, თუმცა პროდუქციის გაყიდვის პრობლემა მე არ მაქვს. ისრაელის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვარ და ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ისრაელში, ისევე როგორც საქართველოში არაერთი კომპანიის ამოქმედებაში მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ამ ბაზარზე შესვლა არ გამჭირვებია“, - ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.

აღსანიშნავია, რომ Glenberries-მა 2020 წელს ექსპორტზე, დაახლოებით, 11 კონტეინერის გატანა შეძლო, რაც 1.134 მლნ დოლარის ღირებულების 252 ტონა გაყინულ და დაფქულ მარწყვს, ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს და მოცვს მოიცავს. თავად კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მათ მეტის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ბაზარზე ნედლი პროდუქტის საჭირო რაოდენობის არარსებობის და ასევე, მაღალი ფასის გამო, პროდუქციის იმპორტი თურქეთიდან, ჩილედან და ეგვიპტიდან უწევს.