მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს გადასახადის გადამხდელთა კავშირი "FDI გრანტის" პროგრამას

5fb681758374e
ინგა მურუსიძე
21.11.20 14:05
1139
19 ნოემბერს მთავრობამ უხოური ინვესტიციების მოსაზიდად ახალი სახელმწიფო პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ ე.წ. “FDI გრანტი“ დაამტკიცა. ცნობილია, რომ პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მართალია, ახალი პროგრამის შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, დარგები, რომლებიც ამ მექანიზმით ისარგებლებენ.

BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა სანდრო რატიშვილმა ახალი ინიციატივის შეფასებისას თქვა, რომ "ერთი შეხედვით, პროგრამა კარგია, თუმცა ბევრი კითხვა გაჩნდა".

"ის, რაც მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრისგან, ერთი შეხედვით საინტერესოა; ჯერ კიდევ ყველა დეტალი და მიმართულება განსაზღვრული არ არის, თუმცა ამ წუთას, ახლადგამომცხვარ განცხადებაზე დაყრდნობით, შეიძლება ვთქვათ, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა არის ძალიან ბევრი "მაგრამ"; პირველ რიგში, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რის მიხედვით შეირჩა დარგები, რომელიც პრიორიტეტულად განისაზღვრა, როცა ჩვენს ქვეყანაში არც ერთი მათგანი განვითარებული არ არის. საინტერესოა, ვინ არიან უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც ეს ურჩიეს მთავრობას; მაგალითად, რა ანალიზი უდევს საფუძვლად გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველოში თვითმფრინავების წარმოების პერსპექტივა არსებობს და ა.შ.“, - განაცხადა მან.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, სანდრო რატიშვილი პანდემიის ფონზე ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის საჭიროებაზეც საუბრობს.

„ჩვენც ინვესტორები ვართ, ვაბანდებთ ფულს ეკონომიკაში, ვასაქმებთ ადამიანებს და აქ ვქმნით დოვლათს. საინტერესოა, რა გაკეთდა ჩვენი ხელშეწყობისთვის. მთავრობის გადადგმული ნაბიჯები თითქოს მიმართულია ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისკენ, მაგრამ ადგილობრივი კომპანიებიც, მოქმედი ბიზნესმენებიც ვართ ის პოტენციალი ქვეყნისთვის, ვისაც შეგვიძლია ქმედითი, სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ და გავაჯანსაღოთ ეკონომიკა“, - განაცხადა რატიშვილმა.