მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ნინო ზამბახიძე „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამას“ - რჩევები მთავრობას

619b9a2910de3
ინგა მურუსიძე
23.11.21 12:00
1226
„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამას“, რომლითაც მთავრობა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვას გეგმავს, დადებითად აფასებს.

"უკვე რამდენი წელია ვსაუბრობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მათი განვითარებისთვის და ეკონომიკისათვის სოციალური შემწეობის მქონე ადამიანების ჩართულობა; კარგი ინიციატივაა, თუმცა ბოლომდე სწრაფადაა მისაყვანი“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

Bm.ge-მ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ჰკითხა, როგორ უნდა განვითარდეს პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაჟღერებული ინიციატივა ისე, რომ ის მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, ძალიან ეფექტიანი იყო მსოფლიოში - კერძოდ, აცხადებ 5-წლიან მორატორიუმს, სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან ადამიანებს რთავ ეკონომიკაში, ასაქმებ როგორც კერძო სექტორში, ისე საზოგადოებრივ შრომაში და თანხას ტოვებ ამ ადამიანის ანგარიშზე; 5 წლის შემდეგ კი, თუ უკვე ნახე, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაიწყო მუშაობა და ა.შ. უუქმებ სოციალურ დახმარებას - ეს არის ევროპული მოდელი. ჯერ არ ვიცით, რას გადაწყვეტს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენთან იქმნება, თუმცა იმის თქმა, რომ რეფორმა აუცილებელია, ცალსახაა. საკითხი პრობლემაა როგორც თავად სოციალურად დაუცველებისთვის, ისე ბიზნესისთვის, რომელიც ადამიანებს ქეშად უხდის თანხას იმის გამო, რომ სოციალური შემწეობა არ მოეხსნას", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

კითხვაზე - რა შეიძლება იყოს მინიმალური ანაზღაურება, რათა მოქალაქეებს დასაქმების ინტერესი და მოტივაცია გაუჩნდეთ, „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ხელფასის საშუალო ოდენობად 800-1000 ლარს ასახელებს.

„ფაქტი არის ერთი, სოციალური შემწეობის გამო ადამიანები უარს ამბობენ მუშაობაზე. შესაძლოა, აქ იყოს შიში იმის გამო, რომ 6 თვე იმუშავებს ადამიანი და აიღებს ხელფასს, თუმცა ამ პერიოდში შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან და აღარ ექნება აღარც დროებითი სამსახური, აღარც სოციალური დახმარება“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით, მთავრობის მიერ დაანონსებული „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამის“ შესახებ ბევრი კითხვა არსებობს.

„ალბათ საინტერესოა, რომელ სექტორებში გადანაწილდებიან ადამიანები ამ პროგრამის ფარგლებში, არსებობს თუ არა გადამზადების კურსები ამ სფეროებში, როდიდან გადაითვლება სოციალურად დაუცველობის ქულები, როდის მოეხსნებათ მათ შემწეობადა რა ვადაში, ინიციატივა ხომ არ მოვა წინააღმდეგობაში შრომის კანონმდებლობასთან, ხომ არ მოუწევთ ადამიანებს ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ. ვფიქრობ, როცა სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მასში აუცილებლად უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი, რათა პრობლემა აღმოიფხვრას. თუ მარტო სახელმწიფო დარჩება და არ გაითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების, ბიზნესების, ასოციაციების პოზიციებს, სოცდაუცველი მოქალაქეები ისევ იმ 180 ლარის ამარა დარჩებიან. ამდენად, ყველას ჩართულობა აუცილებელია“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

„საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამის“ შესახებ დღეს კითხვა უფრო მეტია, ვიდრე - პასუხი. მთავრობის ინფორმაციით, ამ საკითხზე იმუშავებს რამდენიმე სამინისტრო, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სპეციალისტებთან ერთად და პროგრამა მზად წლის ბოლოსთვის იქნება.