მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აღინიშნება შობა მსოფლიოს 10 ადგილას

61cd6fe72d0dc
თათია კაკიაშვილი
02.01.22 00:14
1385
ბრჭყვიალა ფიჭვის და ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუა და წინდები შობა-ახალ წელთან ასოცირებული მთავარი სადღესასწაულო ატრიბუტებია, მაგრამ შეიძლება, მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში დღესასწაული განსხვავებულად გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ, CNBC გვთავაზობს მსოფლიოს ათ ადგილს, სადაც შობა აღინიშნება.

1. ხორვატია
ტრადიციულად, ხორვატიაში საშობაო ზეიმი ადრე იწყება, ზოგჯერ - ნოემბერშიც კი. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ხორვატები დეკემბრის დასაწყისში წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავენ - ამ დღეს ბავშვები ელიან, რომ წმინდა ნიკოლოზი მათ ტკბილეულს და სიმბოლურ საჩუქრებს დაუტოვებს.

2. შვედეთი
შვედეთში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა კუთხეებში, ხალხი ნაძვის ხეებს რთავს და საჩუქრებს ცვლის. შვედები დღესასწაულს დონალდ დაკთან ერთად აღნიშნავენ. გასულ წელს შვედეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა - 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა დისნეის 1958 წლის სპეციალურ გადაცემას - From All Of Us to All You, რომელიც 1959 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ეშვება ეთერში.

3. ინდოეთი
შობა ინდოეთის ეროვნული დღესასწაულია იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის მხოლოდ 2.4%-ია ქრისტიანი. ტრადიციულად, სადღესასწაულო დღეებში საბავშვო ბაღების და სკოლების ზეიმებზე სანტა კლაუსი ჩნდება და საჩუქრებს არიგებს. ინდოეთის ორი პოპულარული საშობაო კერძია ხეერი - ტკბილი რძის პუდინგი და კალაპამი - ქოქოსის და ბრინჯის ბლინი.

4. იაპონია
იაპონიაში შობა უფრო მეტად საერო დღესასწაულია და არა - რელიგიური. ქვეყანაში შობაც ისევე აღინიშნება, როგორც - წმინდა ვალენტინის დღე - ამ დღეს წყვილები ერთად ატარებენ. ადამიანები ერთმანეთთან სადილად დადიან და საშობაოდ მორთულ ქუჩებს ათვალიერებენ. შესაბამისად, ყოველწლიურად ყველაზე გადატვირთულად 24 დეკემბრის საღამო ითვლება.

5. ფილიპინები
110 მილიონი ფილიპინელი მოსახლეობის, დაახლოებით, 92% ქრისტიანია. შესაბამისად, ქვეყანაში შობა წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა და, როგორც ამბობენ, ფილიპინებში დღესასწაული უფრო დიდხანს აღინიშნება, ვიდრე სადმე სხვაგან - სექტემბრიდან იანვრამდე პერიოდში.

6. არაბეთის გაერთიანებული საემიროები
იმის მიუხედავად, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ოფიციალური სახელმწიფო რელიგია არის ისლამი, შობა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მაინც აღინიშნება. ეს, ძირითადად, აბუ-დაბისა და დუბაიში ხდება, სადაც საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს. ამ დროს ქვეყნის სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები საშობაოდაა მორთული; იმართება საშობაო ბაზრობები, ტარდება სპექტაკლები და კონცერტები.

7. მექსიკა
შობა მექსიკაში დიდი აღლუმებით აღინიშნება, სადაც ხალხი ფერად კოსტიუმებშია გამოწყობილი და ქუჩებში ტკბილეულით სავსე კალათებით დადის, თუმცა ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული ტრადიცია Las Posadas-ია - ზეიმი, რომელიც შობის დაწყებამდე ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობს.

8. კენია
კენიაში შობა ბევრისთვის მიგრაციასთან ასოცირდება. დედაქალაქ ნაირობიდან დეკემბერში ბევრი ადამიანი უბრუნდება მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებს, რათა დღესასწაული ერთად აღნიშნონ. ეკლესიების უმეტეს ნაწილში შობის ღამეს ხალხი იკრიბება, საგალობლებს ასრულებს და ტრადიციებს იცავს. შობის დღეს კენიურ ოჯახებში მზადდება თხის ან ცხვრის შემწვარი ხორცი, რომელსაც ადგილობრივები ნიამა ჩომას უწოდებენ.

9. ანტარქტიდა
ამჟამად სამხრეთ პოლუსზე 70 მუდმივი კვლევითი სადგურია განთავსებული, რომლებიც 29 ქვეყანას წარმოადგენენ, ვინაიდან ანტარქტიდა საშობაო ფუსფუსსა და ხმაურს მოკლებულია, სადგურებში დასაქმებულები მაინც ახერხებენ შობის ერთად აღნიშვნას, თუმცა დღესასწაულის მიუხედავად, კოლეგები კვლევებს მაინც აგრძელებენ, რადგან „მონიტორინგების საჭირო მონაცემები“ ჯერ კიდევ შესაგროვებელია.

10. საერთაშორისო კოსმოსური სადგური
შობა აღმოჩნდა ის დღესასწაული, რომლის გამოც ადამიანებმა იპოვეს გზა, რათა ის დედამიწიდან 420 კილომეტრის დაშორებითაც აღენიშნათ. NASA-ს ვებ-გვერდის მიხედვით, საერთაშორისო კოსმოსური ცენტრის ასტრონავტები ბოლო 21 წლის განმავლობაში აღნიშნავენ შობას, ხანუკას და ახალ წელს და მათ რამდენიმე ტრადიციაც განავითარეს. უფრო მეტიც - შობა კოსმოსურ სადგურზე ორჯერ დგება, რადგან ის რუსეთის მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 7 იანვარს აღინიშნება, რომელსაც ბევრი რუსი ასტრონავტი ზეიმობს.