მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახა გახარიას გადადგომა და პოლიტიკური არასტაბილურობა S&P-ის შეფასებაში

603a4bded231d
BM.GE
27.02.21 19:03
1297
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა, თუმცა გააუარესა რეიტინგის მოლოდინი, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით “ნეგატიურია”.

S&P აღნიშნავს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, თუმცა ზრდაზე კვლავ უარყოფითი ეფექტი აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით არსებულ მაღალ გაურკვევლობას. გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო წერს, რომ ოპოზიციის ლიდერის საქმე და შედეგად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა პოლიტიკური თვალსაზრისით განჭვრეტადობას ართულებს.

მაკროეკონომიკური პოლიტიკის კუთხით S&P მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა ცვლილებებს სავარაუდოდ არ გაატარებს.

“გადაუჭრელმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ მმართველ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შესაძლოა შეასუსტოს რეფორმების მომენტუმი და ავნოს საერთაშორისო ინვესტორების აღქმას საქართველოს სტაბილურობასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიციის მიერ დაყენებული საპარლამენტო ბოიკოტის მიზეზი მათი განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე არსებული დარღვევებია. არჩევნების შემდგომ, აშშ-მა მხარეთა შორის დიალოგისთვის მედიატორის როლი შეითავსა.

ჩვენი მოსაზრებით სავარაუდოდ, არ მოხდება ოპოზიციის მიერ დაყენებული მოთხოვნის, ანუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დაკმაყოფილება, თუმცა ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ კონსენსუს ჩაკეტილი წრის გარღვევა შეუძლია. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, რაც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის დაკავების საქმეს უკავშირდებოდა, ართულებს საქართველოში უახლოესი პოლიტიკური ვითარების განჭვრეტას. თუმცა, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ახალი მთავრობის დღის წესრგი უცვლელი ჩანს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც S&P-ის შეფასებით რთულ ვითარებას ქმნის, საქართველო რუსეთს შორის არსებული გაყინული კონფლიქტებია.

“ჩვენ კვლავ ვხედავთ სირთულეებს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი კვლავ გაყინული კონფლიქტის სახით ნარჩუნდება საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენი შეფასებით საშუალოვადიან პერიოდში კონფლიქტი კვლავ გაყინული სახით შენარჩუნდება,”- ნათქვამია დოკუმენტში.