მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახება ანაკლიის პორტის პროექტზე მთავრობასა და კონსორციუმს შორის დავის დაწყება

5e0f2e60ac1f9
დავით ჯალაღონია
03.01.20 17:25
1320
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობისთვის იმ ხელშეკრულებების წარდგენის ვადა ამოეწურა, რაც საერთაშორისო ბანკებთან სესხის გამოყოფას და ასევე, პოტენციური ინვესტორის დახმარებით, საკუთარი კაპიტალის შევსებას ეხება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონსორციუმმა აღნიშნული ვალდებულებები არ შეასრულა.

თავად კონსორციუმი საკითხზე განმარტებებს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ანაკლიის პორტის პროექტის მომავალზე მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. BM.GE დაინტერესდა, მთავრობასა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაწყვეტისა და მხარეებს შორის საერთაშორისო დავის დაწყების შემთხვევაში, რასაც კონსორციუმიც არ გამორიცხავს, რა ბედი ეწევა პროექტს იმის გათვალისწინებით, თუ არბიტრაჟში სამართლებრივ საკითხებს რამდენიმე წელი დასჭირდა.

"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის აზრით, კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის დავის დაწყების შემთხვევაში, ეს პროცესი 2-3 წელი გაგრძელდება, რადგან ამას საერთაშორისო ლოგისტიკურ პროექტებზე არსებული გამოცდილებაც ადასტურებს.

"რა თქმა უნდა, აქ არის მეორე ასპექტი, რომ კონსორციუმი იმ დანახარჯის ამოსაღებად, საუბარია, 90 მლნ აშშ დოლარზე, რაც დღეისათვის ჩადებული აქვს, საერთაშორისო არბიტრაჟში დავას დაიწყებს. ეს დავა, პირობითად, ერთი და ორი წელი მინიმუმ გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში დავა თუ არ გადაწყდა, ახალი ინვესტორის შემოყვანა, კარდინალური ცვლილებების განხორციელება, მე რთულად წარმომიდგენია. აქედან გამომდინარე, მინიმუმ ორწლიანი დავის პერიოდში, ეს პროექტი ავტომატურად შეჩერდება, დაეკარგება კონკურენტუნარიანობის ის ასპექტი, მოლოდინი და შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ პროექტის მოთხოვნაც ჩაქრეს. ასეთი განგრძობადობა, ბუნებრივია, აწყობს რუსეთს, რომელიც კონკურენტია და ამ ტვირთნაკადების წაღებას თავისი მიმართულებით ცდილობს - საუბარია, ტამანისა და ნოვოროსისკის ნავსადგურებზე. აქედან გამომდინარე, დავა შეიძლება, საქართველოსთვის დამაზიანებელიც კი იყოს, ამიტომ დღევანდელი გადმოსახედიდან, რთულად პროგნოზირებადია, რამდენად ადვილად ჩაენაცვლება ახალი ინვესტორი არსებულს. დავა დროში გაწელილი იქნება.

არის ასეთი გამოცდილება, რაც გვაქვს, „რეალ ბალტიკას“ პროექტთან დაკავშირებით, როცა ევროპული სარკინიგზო მაგისტრალით ესტონეთი-ლიტვა-ლატვიის დაკავშირებაზე იყო საუბარი და რუსეთს ეს არ აწყობდა. მაშინ რუსეთმა ათასი ხრიკი შემოაგდო, რომ ვითომ იქ მონოპოლიური მდგომარეობა წარმოიქმნებოდა, შედეგად ევროკავშირში დავების განხილვა დაიწყო და ეს პროცესი 2-3 წელი მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირიდან 2 მილიარდი ევრო იყო გამოყოფილი. ბოლოს, ეს, რა თქმა უნდა, იმით დასრულდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთის ინტერესი გადაძალეს.

კიდევ არსებობს ასეთი შემთხვევა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი შენდებოდა, დისპროპორცია მოხდა - საქართველოს რაღაც ნაწილი ჰქონდა აშენებული, თურქეთის მონაკვეთზე კი სამუშაოები შეჩერდა, რადგან ერთ-ერთმა კომპანიამ ტენდერში რაღაც უსამართლო მომენტებზე მეორეს უჩივლა და იქაც, თურქეთის მხარეს 2-3 წელი გაჩერდა მშენებლობა", - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

დასახელებული ფაქტორებიდან გამომდინარე, "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების გაწყვეტამ შესაძლოა, პროექტის გაურკვეველი ვადით შეჩერება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ვარაუდს, ანაკლიის პორტის პროექტის სრულად მთავრობის მიერ განხორციელების შესახებ, პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, ამ კუთხით გამოცდილება აჩვენებს, რომ სახელმწიფო ცუდი მენეჯერია.

"საერთოდ, სახელმწიფოს მიერ ამ პროექტის ხელში აღება ჩემთვის ცოტა გაურკვეველია. თუ ჩვენ წარსულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, როცა სახელმწიფომ ხელში აიღო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის წარმართვა, მაგალითი სახეზეა - ასი წელი მიდიოდა მშენებლობა და დღესაც სატესტო რეჟიმშია, დაუმთავრებელია, ამ პერიოდში 10 მინისტრი გამოიცვალა, შესაბამისად, გარკვეული თანხები აუთვისებელია ჯერაც და შედეგი გვაქვს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ 6 მლნ ტონა ტვირთი უნდა გაატაროს და ჯამურად, ორ წელიწადში, სადღაც 200 ათასი აქვს გატარებული. ფაქტობრივად, ეს რკინიგზა გაჩერებულია და მრავალი ფაქტორი იყო იმისა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ პროექტის წარმართვა, როგორც დაპროექტების, მენეჯმენტის, თუნდაც პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საერთოდ თქვა, რატომ გვჭირდება ბაქო-თბილისი-ყარსიო და ა.შ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი მსხვილი პროექტის წარმართვის სახელმწიფოსთვის მინდობა, გარკვეულწილად კითხვის ნიშნებს ტოვებს იმ მიმართულებით, რომ შეიძლება, უფრო განგრძობადი გამოვიდეს ანაკლიის პორტის პროექტი.

შეგახსენებთ, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობის წინაშე ზემოთ დასახელებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულების თარიღი 2019 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა.