24.ნოემბერი .2022 09:38

როგორ აპირებს მთავრობა FDI-ს მოზიდვის ხელშეწყობას - რა წერია "ხედვა 2030“-ში?

როგორ აპირებს მთავრობა FDI-ს მოზიდვის ხელშეწყობას - რა წერია "ხედვა 2030“-ში?
views 550
უკან

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საგადასახადო შეღავათების შემოღებას აპირებს. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „საქართველოს განვითარების სტრატეგია - 2030-ში“ წერია.

„მსოფლიოში მაღალკონკურენტული პირობების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს, რომ პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზოს უფრო შეღავათიანი და ხელსაყრელი პირობები. მაგალითად, ქვეყანამ უკვე დანერგა ახალი სახელმწიფო პროგრამა უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისათვის − ე.წ. FDI გრანტი, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას. ამ ეტაპზე, აღნიშნული მექანიზმი მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, სერვისების ექსპორტს, ლოგისტიკისა და თვითმფრინავების მომსახურების სფეროებს ფარავს. მომდევნო წლებში აღნიშნული და სხვა მექანიზმები გაფართოვდება; ამასთანავე, განიხილება ახალი მექანიზმების ამუშავებაც, როგორებიცაა: საგადასახადო შეღავათები, სამუშაო ძალის წინასწარი გადამზადება და სხვა ინიციატივები“, - წერია დოკუმენტში.

მთავრობის შეფასებით, წლების განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მაღალია, მაგრამ ქვეყნისათვის კვლავ პრიორიტეტული იქნება, დამატებით, ისეთი სახის ინვესტიცია, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტზე, ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე ცოდნის გადმოტანას და ახალი მიმართულებების (სექტორების) განვითარებას.

დოკუმენტის თანახმადვე, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს შესთავაზებს ახალ და უფრო ხელსაყრელ საინვესტიციო წინადადებებს.

„ხედვა 2030“-ში სხვადასხვა აქტივობაზეა საუბარი, რომლის შედეგი უნდა იყოს 2030 წლისთვის ქვეყანაში გლობალური ინდუსტრიის ლიდერი ინვესტორების რაოდენობის 25-მდე გაზრდა (2021 წელი - 16 კომპანია).

„მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და გლობალური ინდუსტრიის ლიდერი კომპანიების ქვეყანაში შემოყვანა. 2030 წლამდე დაგეგმილია პრიორიტეტული სექტორებიდან 20,000 კომპანიის შესწავლა და პერსპექტიული ინვესტორების იდენტიფიცირება, რომლებთანაც მოხდება პროაქტიული კომუნიკაცია.
საერთაშორისო კომპანიებთან უფრო მჭიდრო და პირდაპირი კავშირების შესაქმნელად, ინვესტორებთან მუშაობა გაგრძელდება ახალი მექანიზმების გამოყენებით. მათ შორის, მოხდება სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალიზებული წარმომადგენელი კომპანიების დაქირავება, რომლებიც, საზღვარგარეთ მათი ოფისების მეშვეობით, პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს პოტენციალს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იმუშავებენ ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოყვანაზე.

ქვეყნის საინვესტიციო შეთავაზების პოპულარიზაციისა და მიზნობრივი კომპანიების დაინტერესებისათვის ეფექტიანი შეთავაზების გაკეთების გზით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას, რომლებიც კონსულტაციას უწევენ საერთაშორისო კომპანიებს და ეხმარებიან მათ ახალი საინვესტიციო პროექტებისთვის ქვეყნების შერჩევაში (ე. წ. location advisers/საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები; იდენტიფიცირებულია 40-ამდე მსგავსი კომპანია გლობალური მასშტაბით). ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების პოპულარიზაციის მიზნით, გაგრძელდება საერთაშორისო მედიაარხების აქტიური გამოყენება, ასევე პრიორიტეტული სექტორების მიხედვით ბიზნესმედიისა და ბიზნესასოციაციების საქართველოში ჩამოყვანა“, - წერია დოკუმენტში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის ღონისძიებების შედეგად კი, 2024 წლისთვის საქართველოს მთავრობის პროგნოზით, მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე 6%-ს მიაღწევს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, მიმდინარე ანგარიშის შემცირების პარალელურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დასტაბილურება და 2030 წლისთვის 5%-იან დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

ბიზნესგარემოს გაუარესება და გლობალური და რეგიონალური არასტაბილურობა კი არის ის ძირითადი რისკები, რამაც მთავრობის შეფასებით, დასახული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას შეიძლება ხელი შეუშალოს.