მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს მთავრობა ჰესების მშენებლობის ტემპის დაჩქარებას?

6269964dba6fc
ელენე გოგბერაშვილი
28.04.22 00:01
1356
„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები ამის თაობაზე მე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მივეცი დავალება. ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ მოდელს და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, რომ ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს“, - პრემიერის მიერ 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე დაანონსებული პროგრამის პრეზენტაცია ამ დრომდე არ შემდგარა.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ საქართველოს მთავრობა ენერგეტიკაში ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებისთვის ახალ მოდელს წარადგენს. ჯერჯერობით, უცნობია რა მექანიზმზეა საუბარი და იქნება თუ არა ის წარსულში გაუქმებული ე.წ. PPA ტარიფების ალტერნატივა.

როგორც ირკვევა, ჰესების საწინააღმდეგო პროტესტიდან გამომდინარე მთავრობა მიდგომებს ცვლის და არ არის გამორიცხული რიგ პროექტებში ინვესტორად თავად სახელმწიფო მოგვევლინოს. ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ისაუბრა.

გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული ჰესების მშენებლობა იყო შეფერხებული ბოლი პერიოდის განმავლობაში საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, იცვლება მიდგომები ამ თვალსაზრისით. უფრო მეტი ხელშეწყობის ინსტრუმენტები, მექანიზმები მუშავდება მთავრობაში და მთავრობა ერთიანად გამოიტანს ენერგეტიკის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ღონისძიებების ჩამონათვალს, რაც მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორებისთვის და ზოგადად ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. ამაზე იქნება შესაბამისი პრეზენტაცია.

საჯარო-კერძო პარტნიორობა ენერგეტიკის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 2-3 პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომაც განახორციელოს და შემდეგ გადასცეს სამართავად კერძო ინვესტორს. საინტერესო იქნება ასეთი პროექტებისთვის სახელმწიფოს მონაწილეობა, როდესაც უცხოელ ინვესტორთან მიმართებაში აქვთ პროტესტი ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მიწების გადაცემასთან დაკავშირებით. ამაზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. თარიღი პრეზენტაციის ჯერ არ არის ცნობილი“, - აცხადებს ნარმანია.

ჰიდროგენერაციის ობიექტების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობას არ ემხრობა კერძო სექტორი.

მე მგონია, რომ კერძო ბიზნესი კერძო ბიზნესმა უნდა აკეთოს და სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს სამართლიანი გარემოს შექმნას. ეს მგონია ის, რაც გრძელ ვადაში არის გამართლებული“, - უთხრა bm.ge-ს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ანალოგიურია დარგობრივი ბიზნეს გაერთიანების პოზიციაც. განახლებადი ენერგიების ასოციაცია მათ რიგებშია, ვინც თვლის, რომ ინვესტორების დაინტერესებისთვის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები უნდა დაბრუნდეს. ამ ხელშეკრულებებით, რომლის გაფორმება სახელმწიფოს 2017 წლიდან IMF-ის რეკომენდაციით აქვს შეზღუდული, მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელების ფინანსურ რისკებს უზღვევდა და იღებდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ თანხად შეეძინა ელექტროენერგია.

ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი არის ის, რომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების რაიმე ფორმით დაბრუნება, რათა ინვესტორს შეექმნას გარანტია, რომ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, პირველ რიგში, გაიყიდება და ჰქონდეს დაინტერესება საქართველოში ჩადოს ინვესტიცია.

არ მიგვაჩნია, რომ გინდა თუ არა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ეს პროექტი, შესაძლებელია, რომ სახელმწიფომ შექმნას ისეთი ხელშეწყობის მექანიზმები, რომ მოხდეს სწორი კომუნიკაციაც მოსახლეობასთან და ასევე დაცული იქნას ინვესტორის ინტერესებიც“, - აცხადებს მატა გორდეზიანი.

ცნობისთვის, PPA ტარიფებზე 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმი დღემდე ძალაშია. აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში მხოლოდ ორი გამონაკლისი დაიშვა, ეს იყო ხორომხეთი ჰესის პროექტი და ნამახვანის კასკადის პროექტი. ამ უკანასკნელის ბედი დღეს გაურკვეველია. როგორც ცნობილია, ინვესტორმა მთავრობასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. კომპანიამ “ნამახვანის” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა $40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა. ქვეყანამ სოლიდური ინვესტიცია დაკარგა, რადგა ENKA საქართველოში ჯამში $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.

რა მექანიზმით აპირებს მთავრობა ჰესების საწინააღმდეგო განწყობები მოთოკოს, ჯერ ცხადი არ არის; ისიც გაურკვეველია, რა მხარდამჭერი მექანიზმებით აპირებს სახელმწიფო ამ სექტორში ინვესტორების მოზიდვას და მათ დარწმუნებას, რომ იგივე ბედს არ გაიზიარებენ, როგორც ეს "ნამახვანჰესის" ინვესტორ კომპანია ENKA-ს შემთხვევაში მოხდა.