მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს საქართველო იაპონიიდან ინვესტიციების მოზიდვას – ორმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა

5df4bc5e5d03d
BM.GE
14.12.19 15:15
1260
საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დასრულების შესახებ ოქმს ხელი მოეწერა.

ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 1,5-წლიანი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიმართა.

საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მომდევნო ეტაპია შიდა სამართლებრივი პროცედურების გამართვა და შეთანხმების ოფიციალური გაფორმება.

„ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების გაფორმება კარგი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის იაპონიიდან, რომლებიც განიხილავენ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბიზნესის კეთების მიზნით და მისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას რეგიონის სხვა ბაზრებზე გასასვლელად. შეთანხმება იაპონიიდან მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის. აღნიშნული დოკუმენტის სრულფასოვანი ამოქმედება გაამყარებს ჩვენს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციას. ამასთან, ხელშეკრულება ქართულ ბიზნესსაც გაუადვილებს იაპონიის ბაზარზე შესვლას და ინვესტირებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის პროგნოზით, საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა 2020 წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი.