მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აქცია პროფესორი ვაქცინის შექმნამ მილიარდერად?

5fb559cf45f4b
თათია კაკიაშვილი
19.11.20 00:06
1274
რობერტ ლენჯერი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი და 1000-ზე მეტი პატენტის მფლობელი, 10 წლის წინ ბიოტექნოლოგიური სტარტაპ Moderna-ს ერთ-ერთი პირველი ინვესტორი გახდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების წყალობით კი, Moderna-ს აქციები თითქმის 400%-ით გაიზარდა, ხოლო ლენჯერის ქონებამ, რომელსაც მთელი პერიოდის განმავლობაში წილი არასოდეს გაუყიდია, 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული Forbes აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, წელს ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს აქციებმა მესამედ მოიმატა, რითაც რობერტ ლენჯერი ახალ მილიარდერად იქცა. საგულისხმოა, რომ კომპანია Pfizer-ის ვაქცინის შემდეგ, კორონავირუსის პრევენციისთვის უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნის შესახებ სწორედ Moderna-მ განაცხადა. Moderna-ს ვაქცინა 95%-იან ეფექტიანობას იძლევა და ამ მაჩვენებლით 5 პროცენტული პუნქტით ჯობნის Pfizer-ის ვაქცინას.

წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ Moderna-ს ვაქცინის შენახვა არც ისე დაბალ ტემპერატურაზეა (-20°C) საჭირო, როგორც ეს Pfizer-ის ვაქცინის (-75°C) შემთხვევაში იყო. Forbes წერს, რომ Moderna-ში გეგმავენ, უახლესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთონ განაცხადი ვაქცინის გამოყენებაზე დასტურის მისაღებად. ამ სიახლის შედეგად, გასულ კვირას Moderna-ს აქციები თითქმის 7%-ით გაიზარდა. Forbes–ის შეფასებით, ამ დროისთვის ლენჯერის ქონება დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარია.

ლენჯერზე მდიდარია Moderna-ს გენერალური დირექტორი, შტეფან ბენსელი, რომლის ქონება 2,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და, ასევე, მასზე მდიდარია კოლეგა - პროფესორი და ბიოტექნოლოგიების ინვესტორი ტიმოთი სპრინგერი, 1,5 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით. ისინი მილიარდერები გახდნენ მას შემდეგ, რაც აპრილსა და მაისში Moderna-ს აქციების ფასი გაიზარდა.

ამგვარად, Moderna-ს სტარტაპში ინვესტიციის ჩადება რობერტ ლენჯერისთვის სარფიანი აღმოჩნდა: კომპანიის აქციების ფასი 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე 390%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მის ადრეულ აკადემიურ კარიერას, ლენჯერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს 1978 წელს შეუერთდა, ქიმიური ინჟინერიის პროფესორის სტატუსით. შემდეგ დააარსა “ლენჯერის ლაბორატორია” უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერიის დეპარტამენტში, სადაც ის დღემდე მოღვაწეობს.

1974 წელს, კორნელის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ლენჯერმა მიიღო დოქტორის წოდება ქიმიური ინჟინერიის დარგში. ამასთან, ლენჯერი არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას აქვს 320,000-ზე მეტი კომენტარი გაკეთებული Google Scholar-ზე და 1500-ზე მეტი გამოქვეყნებული სტატია. მისი სტუდენტ-დოქტორანტები “ლენჯერ ლაბორატორიიდან” უკვე ქმნიან საკუთარ ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს, თავად ლენჯერი კი სტუდენტების წამოწყებებში ჩართულია, როგორც ინვესტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი. პროფესორი არასდროს კარგავს რწმენას, რომ მისი კომპანიის იდეები მხოლოდ წარმატებისკენ იქნება მიმართული.