მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ავიცილოთ ჯარიმები სამშენებლო სამართალდარღვევების შემთხვევაში - NEXIA Legal

5dbbe6464e426
თამაზ თოდრაძე, Nexia Legal–ის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
01.11.19 11:59
2911
პრაქტიკაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ სუბიექტი ვერ აუვა იმ ჯარიმის გადახდას, რომელიც მას სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დააკისრეს.

აღნიშნული ცალსახად მცდარი მოსაზრებაა. იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს თვითმიზანს არ წარმოადგენს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმება და მისი მიზანია არსებული სამართალდარღვევის გამოსწორება, არსებობს არაერთი კანონიერი გზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი შედეგი.

მართალია, არსებობს სამშენებლო სამართალდარღვევის ისეთი სახეები, რომლის დროსაც დარღვევის ფაქტის არსებობა უკვე იწვევს ჯარიმის დაკისრებას (მაგალითად: მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული დადგენილების აღუსრულებლობა და სხვ.), მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაკისრებული ჯარიმის გადახდა.

მაგალითისთვის ავიღოთ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომლის ჩადენაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით 30 000–ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. Nexia Legal-ის პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სამშენებლო კომპანიები, ამგვარი ჯარიმის არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ მისი გადახდის გადავადების მოთხოვნით მოგვმართავენ, მაგრამ საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, იკვეთება არაერთი ხარვეზი, რაც საშუალებას აძლევს ჩვენი კომპანიის იურისტებს, არა მხოლოდ ჯარიმის გადახდის გადავადების, არამედ მისგან სრულად განთავისუფლების მიზნით იდაონ.

საქმე ისაა, რომ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოცემული დადგენილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით უნდა პასუხობდეს მკაცრ სამართლებრივ დასაბუთებას, ხოლო თუ შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ გამოცემული დადგენილება ვერ პასუხობს ხსენებული მუხლით დადგენილ სტანდარტებს, იკვეთება სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. თავის მხრივ, უმეტესწილად დასაბუთების ნაწილი ხარვეზის შემცველია, როდესაც სახეზეა მტკიცებულებათა ნაკლოვანება.

დღეის მდგომარეობით, ჩვენი კლიენტების უმრავლესობის მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდის გადავადება, ხოლო საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ჩვენი იურისტების მიერ წარმოებული საქმეების უდიდესი უმრავლესობა ჯარიმის გადახდისაგან განთავისუფლებით არის დამთავრებული. რაც შეეხება თავად პირველად მოთხოვნას (ჯარიმის დაკისრების გადავადება), აღნიშნულ ნაწილში კლიენტთა 100%-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ზემოხსენებულის გარდა, პრაქტიკაში მშენებელი, ხშირ შემთხვევაში, შეცდომას უშვებს, როდესაც სახეზეა პროექტის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა. კერძოდ, მისი მხრიდან არ ხდება დაკისრებული ჯარიმის (დადგენილების) გასაჩივრება, რა დროსაც იგი დროის უკმარისობის მოტივით ვერ ახერხებს განხორციელებული მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, მისი ფიზიკური გამოსწორების ან არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანის გზით, რაც თავის მხრივ გასამმაგებული ჯარიმის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელია საქმეზე გამოცემული დადგენილების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება, ხსენებული იწვევს დადგენილების მოქმედების შეჩერებას (როგორც დარღვევის გამოსწორების, ისე ჯარიმის გადახდის ნაწილში), შედეგად კი, მშენებელს ეძლევა ხანგრძლივი ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად.