მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აზარალა პანდემიამ "ღამის ეკონომიკა" - თბილისის მერიამ ბიზნესები გამოკითხა

5ec50b5432e9c
ინგა მურუსიძე
20.05.20 14:48
1658
"ფინანსური ზარალის ოდენობა, რომელიც გამოკითხვაში მონაწილეთა ბიზნეს საქმიანობას მიადგა, 1500 ლარიდან იწყება და 321 465 ლარამდე მერყეობს" - ამის შესახემ ნათქვამია კვლევაში, რომელიც თბილისის მერიამ ჩაატარა. კერძოდ, როგორც ირკვევა, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ინიციატივით, ჩატარდა ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც შემოქმედებითი სფეროს წარმომადეგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შედეგად, მერიაში ასკვნიან, რომ  "კორონავირუსით გამოწვეულმა ვითარებამ კომერციულ, კულტურულ და ღამის ეკონომიკის სექტორებს თბილისში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა".

გამოკითხვაში მონაწილობა სულ 74-მა ერთეულმა (ადამიანმა, ორგანიზაციამ) მიიღო, მათი უმეტესობა 70,7% ორგანიზაციას წარმოადგენდა, 29,3% - საკუთარ თავს.

ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 9,3% წარმოადგენდა რესტორანს/ბარს, 8% - კლუბს, 6,7% ივენთ კომპანიას, 6,7% - ფესტივალს, 2,7 % - საკონცერტო დარბაზს.

ასევე, გამოკითხულთა 56% - მუსიკოსია, 8% - დიჯეი, 6,7% - მენეჯერი, 4% - პრომოუტერი, დანარჩენი პროცენტები ნაწილდება ბარმენზე, მიმტანზე, მსახიობზე, პროდიუსერზე, ხმის ინჟინერსა და ტექნიკურ პერსონალზე.

გამოკითხულთა 26,9% იხდის ყოველთვიური იჯარის გადასახადს, რომელიც 230-დან 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო 71,1% არ იხდის იჯარის გადასახადს. კვლევაში მონაწილე ორგანიზაციაში/კომპანიაში/დაწესებულებაში დასაქმებულთა რაოდენობა 4-დან 35 პირამდე მერყეობს.

კვლევაში მონაწილეთა 84,3%-ს არ აქვს აღნიშნული საქმიანობის გარდა სხვა შემოსავლის წყარო. პანდემიის გამო დაგეგმილი ღონისძიებების გადადება მოუწია 9,1%-ს. ღონისძიებათა ჩამონათვალი ასეთია : მუსიკალური ფესტივალები, კონცერტები, ივენტები, სპექტაკლები, მოდის კვირეული, მუსიკალური დაჯილდოება, კორპორატიული საღამოები, ტელე გადაღებები, ყოველკვირეული ცოცხალი მუსიკის საღამოები, ტურები, როგორც საქართველოში, ასევე - საზღვარგარეთ.

გამოკითხულთა 23,3%-ს გაუქმებული ღონისძიებებისთვის ხარჯები წინასწარ აქვს გადახდილი, ხოლო 76,7%-ს არ აქვს გადახდილი. ფინანსური ზარალის ოდენობამ, რომელიც გამოკითხვაში მონაწილეთა ბიზნეს საქმიანობას მიადგა, 1500 ლარიდან იწყება და 321 465 ლარამდე მერყეობს.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 28,8%-ს აქვს კონკრეტულ ვითარებაში ბიზნესის ფუნქციონირების მიმართულებით სამოქმედო  გეგმა, ხოლო 71,2%-ს სამოქმედო გეგმა არ აქვს. ონლაინ სტრიმის მეშვეობით პროექტების ტრანსლირების სურვილი აქვს 67%-ს, ხოლო 32,1%-ს - არა. 

ონლაინ სთრიმინგისთვის საჭირო ტექნიკური რესურსები აქვს გამოკითხულთა 28%-ს, ხოლო არ აქვს - 58%-ს, დარჩენილ რაოდენობას აქვს მხოლოდ ნაწილობრივ.

ცნობისთვის, გამოკითხვის შედეგები სახელმწიფო და სხვა ფონდებს გადაეცემა და გამოყენებული იქნება როგორც მოკლევადიანი აქტივობებისთვის, ასევე კორონას შემდგომი პერიოდის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.