მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ჩააბარეს სახელმწიფო კომპანიას სკოლის მერხების რამდენიმემილიონიანი შესყიდვა უტენდეროდ?

61cec1ee4cc92
ელენე გოგბერაშვილი
04.01.22 00:10
2148
bm.ge ამ სტატიაში მოგიყვებათ საკმაოდ მსხვილ სახელმწიფო შესყიდვაზე, სადაც თავდაპირველად, კონსოლიდირებული ტენდერის გზით, ქართული კომპანია შეირჩა. საუბარია სკოლის მერხებითა და სკამებით აღჭურვის ტენდერზე, რომლის ღირებულება თითქმის 4 მილიონი ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ოთმამ" სატენდერო ხელშეკრულების შესრულება პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი პრობლემების და როგორც თავად კომპანია ამბობს, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ხელშეშლის მიზეზით, ვადაგადაცილებით დაიწყო. შედეგად, საქმე მივიდა იქამდე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა და ტენდერის გარეშე სკოლის ინვენტარით აღჭურვის პროექტი შესასრულებლად სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მიერ დაფუძნებულ კომპანია შპს "დელტა მშენებელს" გადასცეს. 

2021 წლის იანვარში გამოცხადებულ სასკოლო მერხებისა და სკამების კონსოლიდირებულ ტენდერში ქართულმა კომპანია „ოთმა ფურნიტურემ“ გაიმარჯვა. კომპანიასა და შემსყიდველს - განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს შორის ხელშეკრულება მარტში გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმებით, გამარჯვებულ კომპანიას სასკოლო ინვენტარის მიწოდება ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა. როგორც კომპანიის ინტერესების დამცველი განმარტავს, პრობლემები სწორედ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან იწყება, როცა "ოთმას" ავანსის სახით იმაზე ნაკლები თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე ეკუთვნოდა.

„ხელშეკრულებები გაფორმდა თუ არა, იმთავითვე იყო შესაძლებლობა, კომპანიას აეღო ავანსის 80%-მდე. კომპანიას მისცეს მხოლოდ 30%-მდე და ისტორია დაიწყო აქედან. კომპანიამ ჩათვალა, რომ აღებული ავანსით შეასრულებდა სამუშაოს, მომდევნო ავანსით გაგრძელდებოდა და დასრულდებოდა ხელშეკრულება, თუმცა შედეგად მივიღეთ მხოლოდ ხელის შეშლა.  2021 წლის 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს შემსყიდველმა მიწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომ შეეწყვიტათ ტენდერი. მოტივაცია არის შემდეგი, რომ თურმე კომპანია ვადაგადაცილებით ასრულებს სამუშაოებს. არაფერს ამბობს სააგენტო იმის თაობაზე, რომ ყველა მშენებარე სკოლაზე აქვს ჩავარდნა და სადაც კომპანიამ მიიტანა მერხები, ყველგან ეს მერხები საწყობდებოდა ან ფერმაში ან პირადად სკოლის დირექტორის სხვენზე. ბუნებრივია, მერხების შეტანა იწვევდა დისონანს სკოლების მხრიდან, რადგან არ იცოდნენ სად წაეღოთ. სწორედ ეს იყო სააგენტოს მოტივაცია, რომ ერთი ხელით მეორე გაემართლებინა. როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, მერხების შესყიდვა, რომელიც 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, 1,3 მილიონი ლარით მეტი ღირებულებით გაუფორმდა "დელტა მშენებელს", - აცხადებს ბადრი ნიაური.

კომპანია „ოთმას“ დამფუძნებელი ჩვენთან საუბარში არ უარყოფს, რომ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ვადების დარღვევით სრულდებოდა, თუმცა მისი განმარტებით, ეს ხელს არ უშლიდა სასწავლო პროცესს, რადგან სკოლების უმრავლესობაში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და მიწოდებული ინვენტარის განთავსების პრობლემა იქმნებოდა. ქვემოთ მოცემულ ფოტოშიც კარგად ჩანს, როგორ ინახავენ ბავშვებისთვის განკუთვნილ ავეჯს მათ შორის სკოლის თანამშრომლების სახლის სარდაფებში.



„ავეჯს როცა ვაწვდიდით სკოლებს, არ საწყობდებოდა სკოლებში. გვიხდებოდა სკოლის დირექტორის, მისი ახლობლების ოჯახებში, ბუნკერში განთავსება. მიწოდებული პროდუქციაც არის საფრთხის ქვეშ, რადგან არ არის სკოლებში დალაგებული.

9 აგვისტოს გაფორმდა პირველი მიღება-ჩაბარება. დღემდე თანხები მიუღებელი გვაქვს, რაც მძიმედ დაგვაწვა. მერე სააგენტოს ხელმძღვანელობა შეიცვალა და დამოკიდებულებაც შეიცვალა. ვაცნობეთ მინისტრს, რომ მზაობას ვაცხადებდით, რომ დავასრულებდით ხელშეკრულებას, თუმცა მაინც გაწყვიტეს ხელშეკრულება. შესაბამისად, ამოქმედდა გარანტიები საავანსო 5%-იანი და 10%-იანი ვადაგადაცილებისთვის, რაც გადავიხადეთ საბანკო სესხით.

კომპანია მოგვიკლეს, შეგვრჩა გადასახადები, შეგვრჩა მილიონამდე სესხი, რაც ჯარიმებს უნდა მოემსახუროს. 50 ადამიანი გვყავდა დასაქმებული. დავკეტე საწარმო და ხალხი გავუშვი სახლში“, - აცხადებს ოთარ მაჭარაშვილი.

"ოთმას" სკოლის ინვენატრის მიწოდების ვადები რამდენჯერმე გაუზარდეს, თუმცა ვადაგადაცილება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა. ვადაგადაცილებით, თუმცა წლის ბოლომდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის მიუხედავად, კომპანიას 8 ოქტომბერს ხელშეკრულება შეუწყვიტეს. არც მეტი არც ნაკლები, გამარტივებული შესყიდვით შეთანხმება 1.3 მილიონი ლარით ძვირად სახელმწიფო კომპანია "დელტა მშენებელს" გაუფორმდა.

„აქამდე ცნობილი იყო, რომ "დელტა" უფრო სერიოზული სახელმწიფო საქმეებით იყო დაკავებული და ახლა ავეჯის ბიზნესშიც არის ჩართული“, - აცხადებს "ოთმას" იურისტი.

ბადრი ნიაურის თქმით, აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ "ოთმა" წლის ბოლომდე შეძლებდა სკოლის ავეჯის ხელშეკრულების დასრულებას, თუმცა ამის მიუხედავად, გამარტივებული შესყიდვა, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამყარებული, გაცილებით ძვირად და გაცილებით გახანგრძლივებული ვადებით მოარგეს "დელტას".

„4 ოქტომბრის წერილის შემდეგ ვკითხულობთ, რომ ავეჯის მიწოდება შემცირებულ რაოდენობაზე 500 ათას ლარის ღირებულებაზე გაუფორმდა ერთ-ერთ ინდმეწარმეს, რომელმაც 2022 წლის თებერვლამდე უნდა მიაწოდოს სკოლებს ინვენტარი, ხოლო "დელტასთან" ხელშეკრულების ვადა არის 2022 წლის მარტის თვემდე. 2,8 მილიონის არის ახლა მერხების ტენდერი და აქ ნამეტი თანხა არის 1.3 მილიონამდე, რასაც გადაუხდიან "დელტას".

თუკი მათ არ აკმაყოფილებდათ "ოთმას" ტენდერის პირობების შესრულების ვადები თავიდანვე უნდა შეწყვეტილიყო ხელშეკრულება. ტენდერის ფარგლებში ასათვისებელი თანხები ამ საბიუჯეტო წლის დაფინანსებაშია მოქცეული და არანაირი უფლება არ ჰქონდათ მომდევნო წელს გადაეტანათ შესყიდვა. ამისთვის მოიგონეს მარტივი მექანიზმი, 100%-იანი საავანსო საბანკო გარანტიით "დელტამ" მიიღო ეს თანხა; აწი "დელტა" შეასრულებს თუ არა, ფული უკვე გაცემულია“, - აცხადებს იურისტი.

გარდა იმისა, რომ "ოთმას" ხელშეკრულება შეუწყვიტეს და ის ასევე მოხვდა "შავ სიაში"; კომპანიას, მათი შეფასებით, გაუმართლებლად დიდი პირგასამტეხლო დააკისრეს. იურისტის განმარტებით, მუხლი, რომლითაც ეს პირგასამტეხლო გაამართლეს, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ დათქმას, რა მიზნითაც ტენდერის გარეშე "დელტას" ხელშეკრულება გაუფორმდა.

„დათქმაა კონტრაქტში, რომ თუკი შემსყიდველს აღარ აქვს სურვილი ან საჭიროება გამოიყენოს ეს პროდუქტი, ამ შემთხვევაში კომპანია ჯარიმდება 10%-ით, თუმცა ამ ტიპის შესყიდვას, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არ ეხება. "დელტას" შემთხვევაში შესყიდვა, რაც განხორციელდა გამარტივებული წესით, იქ ყველა დათქმა არის იმაზე, რომ ეს ძალიან ესაჭიროებათ. ჯარიმების ნაწილში კი გამოიყენეს დათქმა, რომ არ ესაჭიროებათ. ვფიქრობთ, ამ ყველაფრის სავარაუდო მიზეზი კორუფციული გარიგებაა“, - აცხადებს ბადრი ნიაური.

"ოთმასთან" გაფორმებული ხელშეკრულებით ერთეული მერხის შეძენა სახელმწიფოს 76 ლარი უჯდებოდა, ახლა "დელტასგან" იგივე პროდუქტი განათლების სამინისტროს სსიპ-მა გაცილებით ძვირად, 140 ლარად უნდა იყიდოს, რაც ჯამში, 1,3 მილიონი ლარით მეტი უჯდება ბიუჯეტს.

იურისტი ამბობს, რომ "ოთმა" განათლების სამინისტროს სსიპის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში სამართლებრივ დავას დაიწყებს. აღნიშნული საქმის მასალები ასევე გადაეგზავნება როგორც საგამოძიებო უწყებებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესომბუდსმენს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

კომპანია არ იზიარებს შემსყიდველის მხრიდან დაკისრებულ ჯარიმას, რომელიც დღემდე მათთან შეთანხმებული არ არის. მათ კითხვებს უჩენთ ის გარემოებაც, თუ რატომ არ შეუწყვიტეს ხელშეკრულება უფრო ადრე და რატომ დაამზადებინეს ავეჯი, თუ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდნენ. მათი თქმით, შემსყიდველს დღემდე არ გადაუხდია კომპანიისთვის უკვე მიწოდებული ავეჯის ღირებულება, რაც შემდგომ ჯარიმაში გაუქვითეს.

საკმაოდ ხმაურიან ტენდერთან დაკავშირებით, განმარტებების გაკეთება არც თავად შემსყიდველ ორგანიზაციას - განათლების ინფრასტრუქტურის სააგენტოს და არც შესყიდვების სააგენტოს სურს.

რაც შეეხება "დელტა მშენებელს", რომელსაც მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გაუფორმეს, მათგან bm.ge კითხვებზე პასუხს თითქმის ერთი თვეა ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როცა "დელტა" საკმაოდ მსხვილ პროექტებში უტენდეროდ მონაწილეობს. ასეთია მაგალითად, სამხედრო ქალაქის პროექტი, რომელიც მამუკა ბახტაძის დროს როცა დაანონსდა, კერძო კომპანიის შერჩევით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, 32-მილიონიანი პროექტი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ კომპანია "დელტა მშენებელს" უტენდეროდ ჩააბარა.

ფაქტია, სახელმწიფო კომპანია ახლა ძალებს ავეჯის ბიზნესშიც მოსინჯავს და ეს არ არის ერთადერთი სფერო, რაშიც სახელმწიფო კომპანია კერძო ბიზნესის კონკურენტად გვევლინება. როგორც ვიცით, სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ 2020 წლის აგვისტოში დააფუძნა შპს "დელტა ტექსტილი" - სამკერვალო ფაბრიკა, რომელმაც ჯარს უნიფორმები უნდა შეუკეროს, თუმცა რა ეკონომიას მიიღებს კონკურენციის შეზღუდვით სახელმწიფო ბიუჯეტი, კონკრეტული პასუხები თავის დროზე ამაზე ვერ მივიღეთ.