მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ცნობს პარლამენტი თავის უფლებამოსილებას თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს

5f9fc8d7100c3
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.20 14:00
2015
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 100%-ით არის დათვლილი. შედეგების თანახმად, 16 ოლქში, მათ შორის თბილისის ყველა ოლქში მეორე ტურები გაიმართება, 14 ოლქში კი პირველივე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" - 35 მანდატით, შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველო" (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი).

ჯერჯერჯობით, სრულად გადაწყვეტილი არაა თუ რა საბოლოო პოზიცია ექნებათ ოპოზიციურ პარტიებს (ან მათ ცალკეულ წევრებს) პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. 

გადაცემა "საქმიან დილაში" იურისტმა გიორგი ჩიტიძემ ისაუბრა იმ პროცედურის შესახებ, რომლითაც მეათე მოწვევის პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს. 

"ბოიკოტს აქვს ორი განზომილება, პოლიტიკური და სამართლებრივი. ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ 100 ადამიანი უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, მაშინ პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ მიიღებს. რაც არ უნდა ჩვენ გვინდოდეს, რომ ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ვიპოვოთ გამოსავალი, რაც უფლებას მოგვცემს, რომ ეს არასამართლიანი არჩევნები დავაკომპენსიროთ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. კონსტიტუციის 38-ე მუხლში რეალურად წერია, რომ სხდომის გახსნისთვის საჭიროა 76 დეპუტატი. კონსტიტუციის და რეგლამენტის თანახმად, მინიმუმ 76 დეპუტატი გამოცხადების შემდეგ ქმნის საპროცედურო და ხმის დამთვლელ კომისიას და შემდგომ ეს კომიტეტი 76 ხმითაც კი არა, 51 ხმით უკვე ამტკიცებს ყველა იმ მანდატს, რომელსაც მას ცესკოს თავმჯდომარე წარუდგენს. ანუ პროცედურა არის ასეთი - 76 ადამიანი მიდის, საიდანაც 51 ცნობს სათითაოდ ყველა მანდატს და როდესაც 100 შეივსება, ითვლება, რომ ქვეყანას ჰყავს პარლამენტი. 

ამის შემდეგ, ვინმე თუ იტყვის უარს საკუთარ მანდატზე, მას შემდგომ ემატება სიიდან ადგილმონაცვლე და ისიც ამბობს უარს, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ - მანდატზე უარს ვერ იტყვი დღეს, სანამ ამ მანდატს არ მოგანიჭებენ", - ამბობს გიორგი ჩიტიძე.

კონსტიტუციის 38-ე მუხლში წერია:

"ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს."