მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაარწმუნებენ მინისტრები მოსახლეობას ნამახვანის პროექტის აუცილებლობაში? - დავითაშვილი

60409c7b4fa54
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 13:01
806
გარემოს დაცვის მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა დღეს მთავრობის მეთაურისგან ნამახვან ჰესის გარშემო არსებული მდგომარეობის გამო მოსახლეობასთან შეხვედრის მითითება მიიღეს. სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა განმარტება გააკეთა, როდის და სად შედგება შეხვედრები მოსახლეობასთან.

„პრემიერისგან იყო კონკრეტული მითითება ნათია თურნავას და ჩემ მიმართ, რომ მოსახლეობასთან გვოქნოდა მეტი კომუნიკაცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით. გვესმის, რომ ეს საკითხი აღელვებს მოსახლეობის დიდ ნაწილს და ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ეს თემა, აქედან გამომდინარე არის რამდენიმე მიმართულება: ეს არის როგორც გარემოსდაცვითი საკითხები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მხოლოდ ქვედა ნამახვანზე გვაქვს მიღებული, ისე ეკონომიკური საკითხები. ამიტომ ჩვენ რეგიონში მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გვექნება. უკვე დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტში, ისე ქუთაისში, იმიტომ რომ ქვედა ნამახვანი იმერეთის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, ის ძირითადად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს მოიცავს და გვექნება მოსახლეობის ჯგუფებთან შეხვედრები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა იმ კვლევებზე ისაუბრა, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უძღოდა წინ.

„გადაწყვეტილებას, რომელიც გასულ წელს მივიღეთ, წინ უძღოდა შესწავლის პროცესი ექსპერტების ჩართულობით. სამწუხაროდ, ალბათ ის კომუნიკაცია, რომელიც განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას. გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის იყო განხილული კვლევები, მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისი არ არის ეს კომუნიკაცია და მეტია გასაკეთებელი ფართო შეხვედრების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - რით დაარწმუნებენ მინისტრები მოსახლეობას პროექტის განხორციელების აუცილებლობაში, გარემოს დაცვის მინისტრმა უპასუხა: „ჩვენი არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს და იმ ექსპერტულ შეფასებებს, რომლებიც გარემოსდაცვითი შეფასების პროცესშია განხილული. ჩვენი გადაწყვეტილება არ მიგვიღია ამ კვლევების გარეშე. ეს არ არის გადაწყვეტილება, სადაც განსაზღვრულია, რომ კომპანიამ რაღაც სამუშაოები უნდა ჩაატაროს მხოლოდ კვლევების ჩატარების შემდეგ. კვლევა უკვე ჩატარებულია და წარმოდგენილი და მნიშნველოვანია, რომ კვლევები ჩატარდა ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ამ კონკრეტულ სფეროებში წამყვანი საექსპერტო კომპანიების მიერ, როგორიცაა იტალიური, შვეიცარიული და ა.შ. ანუ იმ თემებში ყველაზე გამოცდილი კომპანიების მიერ. ალპებში მსგავსი რელიეფია და იქ ყველაზე მეტადაა განვითარებული ჰიდროგენერაცია, ამიტომ ასეთი ტიპის კაშხლები დაშვებული და შესწავლილია, რომ თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ მიწისძვრის შედეგად გაირღვას ასეთი დამბა. ამას ამბობენ ყველაზე რეპუტაციული ექპერტები, მაშინ როდესაც ჩვენ გვესმის საწინააღმდეგო, ფაქტობრივად არაფერზე დაფუძნებული მტკიცება.

გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ როდესაც საუბარი იყო კლიმატზე ზემოქმედებაზე, გეოლოგიურ საფრთხეებზე, ქანებზე და ა.შ. ამბობენ, რომ არ აქვთ წვდომა, მაშინ როდესაც ნებისმიერი გარემოსდაცვითი საკითხის გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირად  პროცესი ვერ წარიმართება. ის ადამიანები, რომლებიც ოპონირებენ, ზოგიერთ შემთხვევაში ვითომ ექსპერტები, მათ ყველაზე კარგად იციან ეს პროცედურები. არამხოლოდ ამ საკითხზე, ისინი ჩვენთან ხშირად დავაში არიან, გვიჩივიან და ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, რომ მოსახლეობის ეს გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა.

უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ვითომ არგუმენტი არის, რომ ეს კვლევები არ არის საკმარისი და არასრულია, თუ მასალა არ უნახავთ, ამას როგორ აფასებენ?! ჩვენ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, რომ მივიტანოთ სრული ინფორმაცია“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდა მსგავს საკითხებზე კომუნიკაცია, თუმცა ეს პროცესი უფრო გააქტიურდება.

„დღეს არაფერი შეცვლილა, მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე ჩვენ არასოდეს უარი არ გვითქვამს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია ამაზე იყო საუბარი პრემიერის მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ მოსახლეობის სწორი, ობიექტური აზრი და პატივი ვცეთ მათ აზრს. რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა, იმდენად დიდი იქნება კომუნიკაცია“, - აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრმა.