24.აპრილი .2020 15:35

როგორ დაეხმარება მთავრობა სოფლის მეურნეობას? - ანტიკრიზისული გეგმა

views 2492
უკან

მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, სადაც დეტალურად განმარტა,როგორ აპირებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაეხმაროს მოსახლეობას, ბიზნესს, ასევე ეკონომიკის ცალკეულ დარგებს იმისთვის, რომ ქვეყანამ განვითარება განაგრძოს. მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 3.5 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს.

პრემიერმინისტრმა დღეს ისაუბრა, როგორ აპირებს დაეხმაროს სოფლის მეურნეობის დარგს?

მისი თქმით, მიკრო-საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ, რომელიც მოიცავდა მცირე ბიზნესების დაფინანსებას 20 000 ლარამდე. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს მაჩვენებელი იზრდება და მიკრო-საგრანტო პროგრამის დაფინანსების ზედა ზღვარი 30 ათასი ლარი იქნება, შედეგად პროექტისთვის 40 მილიონი ლარია განსაზღვრული.

“ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარურილი ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მათ პირდაპირი გრანტის მეშვეობით ვეხმარებით, პირველ რიგში იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ უკვე შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები”,- აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, იაფი აგროკრედიტის პროგრამისთვის სახელმწიფო ასევე გამოყოფს 50 მილიონ ლარს.
“ამ პროდუქტით 5000 ფერმერი შეძლებს სარგებლობას. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მქონე” -აცხადებს გიორგი გახარია.

ამასთან, გახარიას განმარტებით 2012 წლიდან მოყოლებული სამელიორაციო დავალიანებების ჩამოწერა მოხდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, სარწყავი წყლის გადასახადისგან 2020 წელს სრულად გათავისუფლებული იქნებიან, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

გახარიას განმარტებით, იუსტიციის სამონისტროსთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში სრულად მოხდება დარჩენილი 1,2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაციაც.

“შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის გარეშე, ამიტომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იყო მიღებული გადაწყვეტილება 3 წლის განმავლობაში მოხდეს 1,2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია, დღეს მდგომარეობით ეს ის რესურსია მიწის, რომელიც დარჩენილია სისტემური რეგისტრაციის გარეშე და ამის შემდეგომ საქართველოში სისტემური რეგისტრაციის პრობლემა საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილი",- განაცხადა პრემიერმა.