მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს - "საკითხზე ვმუშაობთ"

5e85bb155fe1c
ინგა მურუსიძე
02.04.20 14:44
860
"ვიდრე ეკონომიკა კრიზისამდელ პერიოდამდე არ „ამოიქოქება“, დარტყმას მიიღებენ დასაქმებულებიც", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც  კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების შესაძლო დახმარებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, "ეკონომიკური გუნდი მუშაობს საკითხზე, თუმცა რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს და ეს რეალობა არის ის, რომ ადამიანების ნაწილი სამუშაო ადგილებს დაკარგავს".

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი და ეკონომიკური ღონისძიებები მიმართულია ორი ობიექტისკენ - პირველი, ეს არის დაზარალებული ბიზნეს-სექტორები, მათთვის საკმაოდ ტევადი ღონისძიებები იქნა შეთავაზებული, სესხების რესტრუქტურიზაციით დაწყებული და პროცენტის თანადაფინანსებით დამთავრებული; ასევე, ჩვენი დახმარების მეორე და მთავარი ობიექტი არის მოსახლეობა და ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, დაკარგავენ სამსახურს. ეს ასეა, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. ჩვენ შევდივართ კრიზისში და ვიდრე ეკონომიკა არ "ამოიქოება" კრიზისამდელ პერიოდამდე,  სირთულეები იქნება და ეს დაარტყამს დასაქმებულებსაც“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ბევრი კომპანია იჩენს პასუხისმგებლობას და ცდილობს, დასაქმებულები შეინარჩუნოს, თუმცა ამას ყველა ვერ იზამს და გასაგებიც არის.

„ამ ეტაპზე რაც შევთავაზეთ ყველა ადამიანს და ესაა ყველაზე სამართლიანი მექანიზმი, გულისხმობს იმას, რომ დავაწესეთ კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები და მისი  გადახდისგან გათავისუფლდება საკმაოდ ბევრი ოჯახი. რაც შეეხება შემდგომ დახმარებას, ამაზე ჩვენი ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში გვექნება შესაბამისი გადაწყვეტილება. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება რაც შეეხება სუბსიდიებს და ეკონომიკურ შეღავათებს, პასუხისმგებლიანი მთავრობის გადაწყვეტილებაა, რაც ეყრდნობა გათვლებს, სწორ გადანაწილებას. ბოლომდე არ ვიცით რა დროს წაიღებს ვირუსთან ბრძოლა და ამ კრიზისის გადალახვა, თუმცა კრიზისს გადავლახავთ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ პროცესისთვის, რაც ნიშნავს რესურსების უზრუნველყოფას და სწორ მართვას. ეს ღონისძიება იქნება მიღებული სწორ დროს, სწორი, პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით“, - განაცხადა თურნავამ.