16.სექტემბერი .2019 21:10

როგორ დაეხმარება ხელისუფლება განახლებად ენერგიებში ინვესტორებს - ახალი კანონპროექტი

views 278
უკან

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

დოკუმენტი დეპუტატებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა გააცნო.

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და მომხმარებლის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება უზრუნველყოფაა.

ამ მიზნების მიღწევას კი, ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც კანონპროექტის ავტორია, ინვესტორებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზნების შეთავაზებით აპირებს, რომელიც ასეთი ტერმინის – "მხარდაჭერის სქემების" ფარგლებში იქნება კანონში და კანონქვემდებარე აქტებში მოცემული. ეს სქემები კანონის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში უნდა დაზუსტდეს, თუმცა თვალაბეიშვილი განმარტავს, რომ ამისთვის სამინისტროს სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო ეყოფა.

აქვე, მინისტრის მოადგილემ, ინვესტიციების მხარდაჭერის ერთ-ერთ შესაძლო მექანიზმზე ისაუბრა.

„12 თვის განმავლობაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული მექანიზმები. მაგალითად, თვითონ გენერაციის ობიექტი ბაზარზე ივაჭრებს, გარკვეულ ფასს აიღებს და შემდეგ რაღაც პრემიუმს, თანხას მიიღებს დამატებითი მხარდაჭერის მიზნით, თითოეულ კილოვატსაათზე, რაც იქნება გაყიდული. ეს არის ერთი მექანიზმი, რაც შემიძლია გითხრათ.

სავარაუდოდ, წლის ბოლოს გვექნება კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმები თითოეული კლასის პროექტისთვის - მაგალითად, ქარისთვის, მზისთვის, პატარა და დიდი ჰესებისთვის სხვადასხვა მექანიზმები იქნება. ჩვენ რაც გვაქვს, იმ მექანიზმების დახვეწას და გრადაციას ვაპირებთ, რომ უფრო მეტი ინვესტიციები შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - განმარტა თვალაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა