07.ოქტომბერი .2022 17:15

როგორ დავიცვათ თავი კიბერდანაშაულისგან?

როგორ დავიცვათ თავი კიბერდანაშაულისგან?
views 617
უკან

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ალექსანდრე ჩომახიძე BMG-სთან გახშირებულ კიბერთაღლითობის შემთხვევებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, თაღლითობის სქემები უფრო და უფრო იხვეწება, რის შედეგადაც სულ უფრო მეტი მოქალაქე ზარალდება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძალიან იმატა კიბერშეტევების შემთხვევებმა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწერება ასეთი შემთხვევების შესახებ. მათი უმეტესობა ამბობს, რომ რუსულ ენაზე მოხდა მათთან დაკავშირება. არის გარკვეული უცხოური ჯგუფები, სადაც განიხილავენ, რომ ამა და ამ ქვეყანაში მარტივად ტყუვდება ხალხი და მოდი, ვცადოთ. ეს სქემები უფრო და უფრო იმატებს, იხვეწება. ჩვენი მომხმარებლებიც ზარალდებიან, შემდეგ მიმართავენ ბანკებს ან ფეისბუქის „საფორთს“, მაგრამ მათი მხრიდან ნაკლები დახმარებაა, რადგან ეს ისევ და ისევ ადამიანის დაუდევრობის გამო მოხდა“, - განაცხადა ჩომახიძემ.

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ამაზე გავლენა მოახდინა ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემოსულმა მიგრანტების ნაკადმაც. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა ნივთების შესაძენად თაღლითური გადახდის მეთოდებით ისარგებლეს.
„ჩვენს ქვეყანაში ბევრი ინდმეწარმეა, რომელსაც ჯერ მაღაზიაც არ აქვს და ონლაინ ანთავსებს პროდუქტს. შესაძლოა, პოტენციურმა მყიდველმა მათ შესთავაზოს თავისი გადახდის მეთოდი. ჩემი რჩევა იქნება, მიმართონ ბანკებს და ჰკითხონ, რომელი გადახდის მეთოდით ისარგებლონ. რუსეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა, ბევრს საყოფაცხოვრებო ნივთის ყიდვა უნდა და თავიანთ გადახდის მეთოდებს იყენებენ. მინახავს, რომ „იანდექს ფეიც“ კი გამოუყენებიათ, რისი საშუალებითაც ისევ მომხმარებლისთვის წაურთმევიათ მონაცემები. ჩემი რჩევა იქნება არ გამოვიყენოთ ეს უცხოური პლატფორმები. ზოგადად, ბარათის მონაცემების გაზიარება არ არის საჭირო, რომ თანხა ჩაგვერიცხოს. ამიტომ ამას მაქსიმალურად შევეშვათ“, - განაცხადა ალექსანდრე ჩომახიძემ.

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი მომხმარებლებს ურჩევს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე, დააყენონ ორფაქტორიანი დაცვა და დააკვირდნენ, აქვს თუ არა HTTPS სერთიფიკატი საიტს, სადაც შეჰყავთ ბარათის მონაცემები.

„დავაკვირდეთ აქვს თუ არა HTTPS სერთიფიკატი საიტს, სადაც შეგვყავს ბარათის მონაცემები. ეს არის პატარა ბოქლომი, რომელიც ბმულის დასაწყისშია. ეს გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენი მონაცემები მესამე პირზე არ გაიცემა. ამას უნდა დავაკვირდეთ მაშინაც, როდესაც პროდუქტს ვიწერთ რომელიმე ვებსაიტიდან“, - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა