მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დგინდება საწვავის ფასი და შესაძლებელია თუ არა მისი შემცირება?

61a4bfc4d7a3a
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.21 16:00
3534
საწვავის და, ზოგადად, ენერგომატარებლების ფასი ყოველთვის მნიშვენლოვან სოციალურ საკითხს წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინი 3.05-3.15 ლარის ფარგლებში იყიდება.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საწვავის ადგილობრივი ღირებულება 46%-ით არის გაზრდილი, რასაც გარკვეული სოციალური პროტესტიც მოჰყვა. მომხმარებლის საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი გიგილაშვილი აცხადებს, რომ ფასები შემცირდება თუ სახელმწიფო აქციზის განაკვეთს შეამცირებს, რეალიზატორები კი - საკუთარ მოგების მარჟას.

“ამ ეტაპისთვის შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ფასი 2.50-2.70-მდე შემცირდეს, ეს უნდა მოხდეს როგორც საწვავის აქციზის შემცირებით, ასევე კომპანიების მხრიდანაც უნდა შეიცვალოს მოგების მარჟა და ის უნდა შეამცირონ. იმ ფასად უნდა იყიდებოდეს საწვავი, რა ფასადაც ტენდერით მთავრობას აწვდიან ბენზინს. ცნობილია, რომ ტენდერის დროს აქციზისგანაც თავისუფალი არიან კომპანიები, მაგრამ რომც დავუმატოთ აქციზის ფასი, მაინც არ გამოდის ის ფასი, რა ფასითაც ხდება მომხმარებელზე საწვავის მიწოდება,” - ამბობს გიგილაშვილი.

თუმცა ამ განცხადების ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ტენდერით მიწოდებული საწვავის აქციზისგან გათავისუფლებას ეხება, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც კომპანიები მთავრობისთვის საწვავის მიწოდების დროს აქციზის გადასახადისგან არ თავისუფლდებიან.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანხმად, საწვავის საცალო ფასთან ერთად, გაზრდილია სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი ბენზინის ღირებულებაც. 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო სტრუქტურები 1 ლიტრ რეგულარის მარკის ბენზის 2.89 ლარად ყიდულობენ, რაც წინა თვეში არსებულ ფასთან შედარებით 9.89%-ით მეტია. მატება ნავთობის საერთაშორისო მატებით არის განპირობებული - რადგან ფორმულა, რომლითაც სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი ნავთობპროდუქტების ფასი გამოითვლება, ითვალისწინებს იმ ძირითად ცვლადებს, რომლებსაც ფასზე აქვთ გავლენა. ესენია ლარის გაცვლითი კურსი, Platts-ის მარკის საწვავის საერთაშორისო ფასი, აქციზის გადასახადი, დღგ და სხვა.

განვიხილოთ, რა განსაზღვრავს ნავთობის ფასს საქართველოს ბაზარზე:

საქართველო, როგორც ნავთობიმპორტიორი 100%-ით საერთაშორისო ფასების ცვლილებაზეა დამოკიდებული. ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება ამჟამად $74 დოლარია, რაც მართალია, ერთთვიან პერიოდში 6%-ით არის შემცირებული, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ით მეტია. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ბოლო 12 თვეში საქართველოში ბენზინი 46%-ით გაძვირდა, მსოფლიო ბაზარზე ამავე პერიოდში საწვავის ფასის ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო.

დავუბრუნდეთ კითხვას, საიდან დგინდება საწვავის ადგილობრივი ფასი?

ნავთობიმპორტიორებისთვის ფასს რამდენიმე მდგენელი აქვს:

● გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts) - ის დამოკიდებულია როგორც ნედლი ნავთობის ღირებულებაზე, ასევე სხვადასხვა კატეგორიის გადამუშავებული ნავთობპროდუქტის მოთხოვნაზე. მისი ფასები აშშ დოლარშია გამოსახული. ამჟამად ტონა Platts-ის ფასი $793 დოლარია;
● ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით;
● სახელმწიფო აქციზის გადასახადი - 2017 წლის 1 იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 1 იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.
● დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) - საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. თუკი ლიტრი საწვავი 3.10 ლარი ღირს, მასში დღგ-ს ღირებულება 47 თეთრია. ჯამში, დღგ-ისა და აქციზის წილი 3.10 ლარის ბენზინის საფასურში 85 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, ამ გადასახადების გარეშე საწვავის ფასი 2.25 ლარი იქნებოდა.
● ფასზე მოქმედი დანარჩენი ფაქტორები - ნავთობიმპორტიორის საოპერაციო ხარჯები, რაც მარაგების ლოგისტიკას, ქსელის მართვას, ხარისხის კონტროლს, საწვავის შენახვას, დასაქმებულთა ხელფასებს აერთიანებს. ასევე კაპიტალური დანახარჯები და ინვესტიციები, რომლებსაც ამოღება სჭირდება. კომპანიების ხარჯებში შედის საბანკო სესხების მომსახურების და ვალუტის ჰეჯირების საფასური და აქციზის და დღგ-ს გარდა სხვა გადასახადების მომსახურება, ასევე კომპანიის წმინდა მოგების მარჟა.

შესაბამისად, რომ არა აქციზის და დღგ-ის გადასახადები საქართველოში საწვავის ფასი 2.25 ლარი იქნებოდა.

რაც შეეხება საწვავის ფასს არა ქსელურ, არამედ არაბრენდულ სადგურებზე, მათ შემთხვევაში ფასდაკლება მიღებულია თავად იმპორტირებული საწვავის ხარისხით. თუკი კონკრეტულ ბრენდულ სადგურებში ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი იყიდება, არაბრენდულ ქსელებში რეალიზებული საწვავის ხარისხი განსხვავებულია და არ წარმოადგენს ქსელური სადგურების მიერ გაყიდული საწვავის ანალოგს.

უფრო ფართო კონტექსტისთვის შეგვიძლია შევადაროთ საწვავის რეგიონული ფასები:

აზერბაიჯანში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი - 2.88 ლარს შეადგენს, A-98 მარკის ბენზინი - 3.41 ლარს; დიზელის საწვავი - 1.44 ლარს. თუმცა, ადგილობრივი დიზელი უფრო დაბალი სტანდარტისაა და მისი იმპორტი საქართველოში არ ხდება, რადან ქვეყანაში ევრო 4-ის სტანდარტის დიზელი შემოდის, რომელსაც აზერბაიჯანი არ აწარმოებს.
რუსეთში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი - 2.14 ლარი , A-98 მარკის ბენზინი - 2.49 ლარი, დიზელის საწვავი - 2.21 ლარს.
საქართველოში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი - 3.09 ლარი , A-98 მარკის ბენზინი - 3.20 ლარი, დიზელის საწვავი - 2.95 ლარს.
სომხეთში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინი 3.41 ლარს შეადგენს, A-98 მარკის ბენზინი -3.65 ლარს , დიზელის საწვავი - 3.20 ლარს.
უკრაინაში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი - 3.72 ლარს შეადგენს, A-98 მარკის ბენზინი - 3.97 ლარს, დიზელის საწვავი - 3.58 ლარს.

საქართველოში საწვავი ღირს უფრო ძვირი ვიდრე ნავთობმომპოვებელ რუსეთსა და აზერბაიჯანში, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ნავთობის იმპორტიორია და ქვეყანაში მაღალი სააქციზო განაკვეთია, თუმცა საქართველოში ფასი უფრო მცირეა, ვიდრე ნავთობიმპორტიორ უკრაინასა და სომხეთში.

როგორია აქციზის განაკვეთი რეგიონის ცალკეულ ქვეყნებში:

რუსეთში ევრო 4-ის მარკის ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი 9,916 რუბლი (415 ლარი), ევრო 5-ის მარკის ტონა ბენზინის აქციზი კი 6,450 რული (270 ლარია). აქციზი საქართველოსთან შედარებით ორჯერ დაბალია სომხეთშიც, სადაც ტონა ბენზინი 40000 დრამით, ანუ 261 ლარით იბეგრება. ასევე რუსული დაბეგვრის მოდელით რაც უფრო მაღალი კატეგორიისაა ბენზინი ის უფრო ნაკლები მოსაკრებლით იბეგრება, საქართველოს შემთხვევაში კი გადასახადი ერთიანია და არ ითვალისწინებს დასაბეგრი საწვავის ხარისხს. 

რეგიონლი შედარებით ჩანს, რომ საქართველოში საწვავის ფასი სხვა არა-მომპოვებელ ქვეყნებთან შედარებით უფრო იაფია, თუმცა ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო რეჟიმის, საერთაშორისო ფასებისა და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, საწვავის ფასის უფრო დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება რთულია.

ერთადერთი ცვლადი, რომელზეც გავლენის მოხდენა საქართველოს შეუძლია არის საგადასახადო მოსაკრებლები. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ბიუჯეტში ნავთობპროდუქტების აქციზიდან 450 მილიონი ლარი შევიდა. ეს თანხობრივად თითქმის იმდენივეა, რაც ერთი წლის განმავლობაში ისეთი ნავთობიმპორტიორის მიერ რეალიზებული საწვავის ღირებულება, როგორიც “ვისოლი” ან “ლუკოილია”. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია წვლილი საწვავის ფასის ფორმირებაში.