მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ემზადება საქართველო კოვიდ-ვაქცინაციის პროცესისთვის? - "ჯერ ვაქცინაა შესარჩევი"

5fd8c5c622466
ელენე გოგბერაშვილი
16.12.20 00:00
1623
საქართველომ კოვიდ-ვაქცინაციისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი უკვე დააკომპლექტა. სწორედ ამ სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს ქვეყანა როგორც ლოჯისტიკურად, ისე ინფრასტრუქტურულად ვაქცინაციისთვის. მიუხედავად განცხადებებისა, რომ შესაძლებელია ვაქცინა სამიზნე ჯგუფებს უკვე მომავალი წლის მარტ-აპრილში ჩაუტარდეს, ჯერ წინ ვაქცინის შერჩევის პროცესია.

როგორც ემზადება ქვეყანა ვაქცინაციისთვის და ვართ თუ არა მზად დამტკიცებული ვაქცინების მისაღებად? ამ კითხვებზე საპასუხოდ BMG იმ ჯანდაცვის სპეციალისტებს ესაუბრა, რომლებიც ვაქცინაციისთვის შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში კონსულტანტებად არიან ჩართულნი. ვაქცინაციის პროცესამდე ქვეყანამ წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროს.

სად ვართ დღეს?

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაახლოებით 8 სამუშაო ჯგუფია შექმნილი და პროცესებს წარმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. როგორც ერთ-ერთი კონსულტანტი აკაკი ზოიძე გვეუბნება, ჯერ სამოქმედი გეგმა მზად არ არის. შესარჩევია ვაქცინა, განსასაზღვრია პრიორიტეტული ჯგუფები, რომელთაც პირველ რიგში ჩაუტარდებათ ვაქცინაცია, თუმცა ეს სამიზნე ჯგუფი სავარაუდოდ იქნება სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმული მოქალაქეები. ჩასატარებელია ასევე მასშტაბური საინფორმაციო კამპანიაც და მოსამზადებელია ქვეყანა ლოჯისტიკური თვალსაზრისით. არის რა თქმა უნდა ფინანსური ნაწილი, რაც სპეციალისტებს ამ პროცესში ყველაზე ადვილად გადასაჭრელ პრობლემად მიაჩნიათ.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, იმიტომ, რომ არის მთელი რიგი საკითხები: ლოჯისტიკური, ფინანსური...

ჯერ თვითონ ვაქცინა არის შესარჩევი. ერთი თემაა - ვირჩევთ მხოლოდ ერთ ვაქცინას თუ ვირჩევთ სამივე ვაქცინას, რომელსაც დღეს უფლება აქვს მიღებული.

მეორე საკითხია პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრა, რომლითაც ვიწყებთ. ვის უკეთებენ თავიდან ვაქცინას, ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა იმიტომ, რომ ამაზე უნდა შეთანხმდეს არამხოლოდ სპეციალისტები და მთავრობა, არამედ მთელი საზოგადოება.

არის მოსახლეობა, რომლებიც ზაფხულში ამბობდა და ასეთი NDI-ს კვლევით 43%-ია, რომ საერთოდ არ გაიკეთებს. 7% ამბობდა, რომ დიდი ალბათობით არ გაიკეთებს. ანუ მოსახლეობის ნახევარი ამბობდა, რომ არ გაიკეთებდა ვაქცინას რაციონალური თუ ირაციონალური მიზეზებით.

მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ გაიკეთონ კოვიდ-ვაქცინა და რომლებიც ვერ მოხვდებიან პრიორიტეტულ ჯგუფში, თუმცა ეცდებიან როგორმე სხვადასხვა კავშირებით მოიპოვონ ვაქცინასთან წვდომა ისე, რომ მას არ ეკუთვნის.

პირველ ეტაპზე ეს იქნება დიდი გამოწვევა. ეს გამოიწვევს საზოგადოებაში განხეთქილებას და რომ არ გამოიწვიოს ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ ჯერ ჩვენ მოხუცებს უნდა გავუფრთხილდეთ და ასევე ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუკეთოთ ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმარონ ისინი.

რომ შევთანხმდებით ვაქცინაზე და თუ საუბარია pfizer-ის ვაქცინაზე, მას -80 გრადუსზე სჭირდება შენახვა და უზარმაზარი ლოჯისტიკური პრობლემებია ამ ვაქცინის გადატანასთან, შენახვასთან დაკავშირებით და ამიტომ ალბათ, ჩვენთვის გაცილებით უკეთესია Astrazeneca-ს ვაქცინა, რომელსაც -2-დან -8 გრადუსამდე ანუ ჩვეულებრივი ცივი ჯაჭვი შეინახავს, რომელიც დღეს არსებობს და ვაქცინაციისთვის გამოიყენება“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი გამოწვევა იქნება ჯანდაცვის სექტორისთვისაც იმ კუთხით, რომ თუ ქსელი წელიწადში 300 000 აცრას აკეთებს, Covid-ვაქცინაციის შემთხვევაში გაკეთდება მილიონ 400 ათასი აცრა, ამიტომ საჭირო გახდება ლოჯისტიკური პლატფორმების შექმნა და გაძლიერება.

მთელ ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო სტრატეგიის არსებობა, რადგან მოქალაქეთა დიდი ნაწილი სკეპტიკიურად არის განწყობილი ვაქცინაციის პროცესის მიმართ, შესაბამისად როგორც ზოიძე ამბობს, მნიშვნელოვანია სწორი, მკაფიო გზავნილები, მოქალაქეთა სწორი ინფორმირება მათ შორის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვაქცინაციას ექნება გვერდითი მოვლენები. ეს გვერდითი მოვლენა მოასწავებს, რომ ვაქცინა მუშაობს. გვაქვს შემცივნება, სახსრების ტკივილი, აქვს სიმპტომები, რომელიც პირველი აცრის მერე ვლინდება ხოლმე ხშირ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია ამის გამუქება არ მოხდეს, რომ აი თურმე ვაქცინა კლავს.

მნიშვნელოვნად და ნატიფად სამართავია ეს პროცესი, რომ სოციალურ ქსელშიც ვმართოთ, მასმედიაშიც სწორი გზავნილები მივიტანოთ. სოციალური მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ, რომ ადამიანებმა არ დაუჯერონ დეზინფორმაციას, სწორად შეაფასონ თანმდევი მოვლენა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ვაქცინას და ეს არ გახდეს საფუძველი, რომ მეორე აცრა-ვიზიტზე ადამიანი არ მოვიდეს. ბევრი ასეთი საკითხია მოსაგვარებელი, რომ ეფექტურად წარვმართოთ ეს კამპანია“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

რაც შეეხება კოვიდ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმას, ზოიძე ამბობს, რომ თვის ბოლოს სავარაუდოდ დოკუმენტი მზად იქნება, თუმცა მას კორექტირება დასჭირდება.

სპეციალისტები დაზუსტებით ვერ ამბობენ, როდის შეძლებს ქვეყანა დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, თუმცა ინფორმაცია, რაც ჩვენს გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არის ის, რომ საქართველო ჩართულია "კოვაქს"პლატფორმაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დამტკიცებული ვაქცინებიდან ერთ-ერთს აირჩევს. NCDC-ის ხელმძღვანელმა როგორც განმარტა, „კოვაქსი“ შეისყიდის 4-5 ვაქცინას და მათგან ავარჩევთ რომელს შემოვიტანთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, კი უნდა იყოს მარტი-აპრილი.

ცნობისთვის, საქართველომ ვაქცინის მისაღებად 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა და ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა. ჯამში კი ვაქცინაციაზე მთავრობას 17 მლნ დოლარი აქვს გათვალისწინებული.